ზურაბ პატარაძე - აზერბაიჯანში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი მნიშვნელოვანია, დარწმუნებული ვარ, იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ პატარაძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბაქოში ვიზიტი მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, განხილული იქნება სხვადასხვა სახის საკითხი, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებით.
„დღეს განხორციელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. დაგეგმილია შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან. განხილული იქნება მთელი სპექტრი საკითხებისა როგორც პოლიტიკურ ჭრილში, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ვიზიტი იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. ამავდროულად, იქნება განხილული საკითხები, რომლებიც ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ჭრილს – სავაჭრო-ეკონომიკური კომისიის ჩატარებას, ასევე სხვა აქტივობების ჩატარებას, ბიზნესფორუმებს, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და გაძლიერებას.
კომისია გაიმართება უახლოეს პერიოდში, თარიღი იქნება ვიზიტისას ცნობილი. სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით მთელი რიგი კომისიები ჩატარდება, მათ შორის რა თქმა უნდა, ქვეყნებს შორის კომისია, რომელიც არ ჩატარებულა პანდემიის გამო და დარწმუნებული ვარ, ეს კომისია ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას, ახალი ინვესტიციების მოზიდვას, სხვადსხვა ერთობლივი პროექტის განხორციელებას და ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.