აზერბაიჯანში, საქართველოს საელჩოს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
აზერბაიჯანში, საქართველოს საელჩოს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

აზერბაიჯანში, საქართველოს საელჩოს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. 8 ოქტომბერს ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანში, საქართველოს საელჩოში სამგლოვიარო ღონისძიება გაიმართა.

ელჩმა ზურაბ პატარაძემ საელჩოს დიპლომატიური კორპუსის სახელით სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს.

„ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ დაამწუხრა სრულიად საქართველო. გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს თითოეული გარდაცვლილის, დაღუპული ბავშვების გამო. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს და ვლოცულობთ მათთან ერთად. მადლობელი ვართ ყველასი, ვინც საქართველოსთვის ამ მეტად მძიმე დღეებში, გულწრფელად იზიარებს ჩვენს გასაჭირს და გვიცხადებს სამძიმარს. მადლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლებას და რიგით მოქალაქეებს თანადგომისა და ჩვენი დიდი მწუხარების გაზიარებისთვის“, – განაცხადა საქართველოს ელჩმა.

ღონისძიებაში მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს დაახლოებით 12:00 საათზე, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამი პირი დააკავა.

დატოვე კომენტარი