ზურაბ ნასარაია - გურიაში სურსათის მარაგის დეფიციტთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არის
გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასა და ოზურგეთის მერის მოადგილესთან ირაკლი სირაძესთან ერთად, სურსათის მარაგებთან დაკავშირებული ვითარების გასაცნობად, ქალაქ ოზურგეთის სუპერმარკეტებში იმყოფებოდნენ.
რწმუნებულმა ინფორმაცია სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელებისგან ადგილზე მიიღო. აღინიშნა, რომ გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, სურსათის მარაგების პრობლემა ქსელში არ აქვთ და არც ჰქონიათ.
„მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ. ამ ეტაპზე რეგიონში სურსათის მარაგებთან დაკავშირებით არანაირი პანიკის საფუძველი არ არის. მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები, რომლებსაც ისინი გვაძლევენ“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.