ოთარ შამუგია - გურიაში, დაახლოებით, 15 ათას ჰექტარ ფართობზე ეროვნული პარკი გაშენდება
ოთარ შამუგია - გურიაში, დაახლოებით, 15 ათას ჰექტარ ფართობზე ეროვნული პარკი გაშენდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გურიის რეგიონში, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორიის – გურიის ეროვნული პარკის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დაცული ტერიტორიების განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბოლო ათი წლის განმავლობაში ორჯერ გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ვაგრძელებთ. დაცული ტერიტორიების შექმნასთან მიმართებით მიმდინარეობს კვლევები სხვა რეგიონებში. აქტიურად ვიმუშავეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან, საჯარო განხილვები გვქონდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში. შემუშავებული პროექტის მიხედვით, გურიაში გაშენდება ეროვნული პარკი, დაახლოებით, 15 ათას ჰექტარ ფართობზე. ამ ფართობის დიდი ნაწილი მოიცავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, დაახლოებით 13 ათასი ჰექტარი და დაახლოებით ორი ათასი ჰექტარი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ გურიის ეროვნული პარკის შექმნა, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით, მეორე მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისთვის, ეკოტურისტული მიმართულებებით სხვადასხვა საქმიანობაში მოსახლეობის ჩართვის კუთხით.