ზურაბ მელიქიშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ანაკლიის პროექტი რუსულ ინტერესებში გაცვალა
ზურაბ მელიქიშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ანაკლიის პროექტი რუსულ ინტერესებში გაცვალა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზურაბ მელიქიშვილის თქმით „ქართულმა ოცნებამ“ ანაკლიის პროექტი რუსულ ინტერესებში გაცვალა.

როგორც ზურაბ მელიქიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ანაკლიის პორტის ირგვლივ მიმდინარე პროცესები რუსეთის მხრიდან ტამანის პორტის მშენებლობას უკავშირება, რომელიც შავ ზღვას ესაზღვრება.

„2013 წელს როდესაც „ქართული ოცნება“ ურტყამდა ლაზიკის პორტს მაშინ რუსეთმა დაიწყო შავი ტამანის პორტის მშენებლობა, როგორც საერთაშორისო ცენტრის მშენებლობა, ზუსტად იგივე მოდელით რა მოდელითაც ანაკლიის პორტი შენდებოდა. ზუსტად იგივე კონცეფციით დაიწყეს ნადირობა ინვესტორებზე, პრიორიტეტული გახადეს აღნიშნული პროექტი და მილიარდობით დოლარი იქნა გამოყოფილი. მაშინ, როდესაც შვიდი წლის განმავლობაში დაპაუზებული არის ანაკლიის პორტი, ტამანის ნავსადგური დღითი-დღე იზრდება და უფრო მეტ გადაზიდვას ახორციელებს. ტამანის პორტის ერთადერთი კონკურენტი იქნებოდა ანაკლიის პორტი“, – განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

მისივე თქმით, ტამანის პორტის ერთადერთი კონკურენტი და პირდაპირი ალტერნატივა იქნებოდა ანაკლიის პორტი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანა არის, რომ ნებისმიერი გზით ანაკლიის პორტის მშენებლობა გაჩერდეს.

„მთავარი ამოცანა არის, რომ ანაკლიის პორტი გაჩერდეს. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ორი არჩევანი, ან საქართველოს მიანიჭოს მნიშვნელობა საერთაშორისო დონეზე ან გახადოს რუსეთის გუბერნია. ეს საქათველოს ხელისუფლებამ გააკეთა რუსეთის სასარგებლოდ და ამას ჰქვია ღალატი. ამ ღალატის შესაბამისად, ანაკლია ვერაფერს ვერ მიიღებს. ათეულობით ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა საქართველოსთვის, მილიარდობით შემოსავალი დაკარგა საქართვლოს ეკონომიკამ, რა მიიღო რუსეთმა? მიიღო უალტერნატივო დერეფანი“, – განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა