ზურაბ მელიქიშვილი აცხადებს, რომ პარტიებს საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნას კანონი ავალდებულებს
ზურაბ მელიქიშვილი აცხადებს, რომ პარტიებს საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნას კანონი ავალდებულებს

კანონი ყველა პარტიას ავალდებულებს, რომ ყოველწლიურად მიმართონ შესაბამის სტრუქტურებს სახელმწიფო დაფინანსების მოთხოვნით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა ცხრა პარტიის მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განცხადებით, ოპოზიციური პარტიებისთვის დაფინანსების მიღების ერთადერთი წყარო სახელმწიფო ბიუჯეტია, ვინაიდან ბიზნესს მათთან სიახლოვე ეკრძალება.

„ყველა პარტიის კანონით განსაზღვრული ვალდებულებაა, რომ ყოველწლიურად მიმართვა გააკეთოს სახელმწიფო დაფინანსების მოთხოვნასთან დაკავშირებით. ეს არის სახელმწიფო დაფინანსება და არა ბიძინა ივანიშვილის ფული. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მიმართვა ჩვენ გაკეთებული გვაქვს. საქართველოში ოპოზიციური პარტიების დაფინანსება ძალზედ მძიმე მდგომარეობაშია იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ბიზნესმენს ეკრძალება სიახლოვე. ამდენად, თითქმის ერთადერთი წყარო, განსაკუთრებით არასაარჩევნო პერიოდში, ეს არის დაფინანსება. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც აი, ის ირაკლი კობახიძე, რომელმაც გავრილოვი დასვა პარლამენტის სპიკერის სკამში, გამოვიდა და დაემუქრა ოპოზიციას, რომ სახელმწიფო დაფინანსებას შეუზღუდავდნენ. ჩვენ არანაირ სამართლებრივ საფუძველს არ მივცემთ ირაკლი კობახიძეს, რომ ეს უმსგავსობა გააკეთოს.

კანონის მიხედვით, პარტიებს ყოველწლიურად აქვთ ვალდებულება,  სახელმწიფო დაფინანსება მოითხოვონ, მიმართვა განახორციელონ შესაბამის სტრუქტურებში“, – განაცხადა მელიქიშვილმა.

რაც შეეხება ამ საკითხზე ოპოზიციის წარმომადგენლების აზრთა სხვადასხვაობას, მელიქიშვილმა განაცხადა, რომ ის პატივს სცემს ყველა პარტიის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას.

„რაც შეეხება თვითონ ოპოზიციის ერთობას, ჩვენ ვართ ერთიანი, ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში, უფრო მეტიც „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ 36 მანდატზე ვამბობთ უარს. ამაზე გაკეთდება ოფიციალურად განცხადება. მთავარი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი კობახიძემ და მთლიანად „ქართულმა ოცნებამ“ ვერ ნახეს ვერც ერთი ინდივიდი, ვერც ერთი პარტია, ვისაც შავი ფულით დააფინანსებდნენ და დაიყოლიებდნენ პარლამენტში შესვლაზე.

მე პატივს ვცემ ყველა პარტიის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას. ამავდროულად, ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია არის ერთიანი და ბიძინა ივანიშვილი ამ ველზე უნდა დავტოვოთ მარტო. ჩვენ ამას ვახორციელებთ. რაც შეეხება დაფინანსებას, ეს არის მიბმული სახელმწიფო ბიუჯეტზე და არა ბიძინა ივანიშვილის პირად კასაზე”, – განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

შეგახსენებთ, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, მათ შორის არიან ის პარტიებიც, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან.