ზურაბ მახარაძე - გამოძიებაზე იმხელა ზეწოლა თუ იქნება, რომ დამაკავონ, მაშინ დამაკავონ
თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის გამოკითხვა დასრულდა.
როგორც მახარაძემ საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ განაცხადა, მან გამოძიების ყველა კითხვას უპასუხა.
„რაც კითხვებიც ჰქონდა გამოძიებას, ყველაფერზე ვუპასუხე. დეტალებში არ შევდივარ და მეტი კომენტარის გაკეთებაც არ მინდა“, – განაცხადა მახარაძემ.
ამასთან, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელმა თავი შეიკავა პასუხის გაცემისგან ჟურნალისტების კითხვებზე, მათ შორის, მის ბინაში საგამოძიებო მოქმედებებისას რა ნივთები ამოიღეს სამართალდამცველებმა და სწავლობს თუ არა გამოძიება მის პირად მიმოწერას.
„რაც განგიცხადეთ, იმის მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. გითხარით, ყველა კითხვაზე ვუპასუხე გამოძიებას“, – აღნიშნა მახარაძემ.
კითხვაზე – ელოდება თუ არა დაკავებას, მახარაძე პასუხობს:
„თუ დამაკავებენ, დამაკავონ. გამოძიება როგორც გადაწყვეტს, ისე იქნება. მათზე ზეწოლა თუ იმხელა იქნება, რომ დამაკავონ, მაშინ დამაკავონ. ზეწოლა მოდის გარედან, ელჩებისგან, ამერიკისგან, ევროპისგან. არ ვიცი, კიდევ დამიბარებენ თუ არა დაკითხვაზე“, – განაცხადა მახარაძემ.