„ალტ ინფოს“ ორგანიზებით, პარლამენტის შენობის წინ აქცია იმართება
„ალტ ინფოს“ ორგანიზებით, პარლამენტის შენობის წინ აქცია იმართება

ალტ ინფოს“ ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქცია იმართება.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზურაბ მახარაძემ აღნიშნა, ისინი ითხოვენ იმ ადამიანების დასჯას, რომლებმაც სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხეს.

„ჩვენ აქ არ ვართ შეკრებილი პარტიული ნიშნით, არ ვართ შეკრებილი ვიღაცის პირადი ინტერესების გამო. ერი და ბერი აქ შეკრებილია კონკრეტული მოთხოვნით, ეს მოთხოვნა არის სამართლიანობა. დღეს გვაქვს ეს მოცემულობა, როდესაც 5 ივლისის ბიჭები ახლაც ციხეში არიან და ამ შენობას რომ შტურმით იღებდნენ, პოლიციელებს წვავდნენ, ის ხალხი გარეთაა. ლაშა შარუხიამ ევროკავშირის ჭინჭი რომ დაწვა, 6-წლიან სასჯელზე უშვებენ და ნატა ფერაძემ წმინდა ხატს შეასხა საღებავი. მოვითხოვთ, დაისაჯოს ყველა, ვინც ჩვენს დედა ეკლესიას ექცევა იმ ფორმებით, რომლებიც გადავიდა ზღვარს. ბევრი ამბობს, თურმე ჩვენ შეიძლება, მშვიდობას ვურევთ, სინამდვილეში, ერთადერთი, რისთვისაც ხალხი იბრძვის, არის მშვიდობა.

რაც შეეხება ნატა ფერაძეს, აბსტრაქტულად არ გეუბნებით, მაგას სახელმწიფო მიხედავს ან კონკრეტულად ჩვენ მივხედავთ. ან სახელმწიფო მიხედავს, ან სხვანაირად მიეხედება. არ შეიძლება, ეგეთი რაღაც გატარდეს“, – განაცხადა ზურაბ მახარაძემ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ირმა ინაშვილმა აღნიშნა, მთავარი უბედურება მოხდა, შეურაცხყოფა მიაყენეს ძალიან დიდ წმინდანს, ამის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს.

„ეს დიდი სატკივარი, რის გამოც აქ შევიკრიბეთ, პირდაპირ გვეხება მე და თარხან-მოურავს. ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, რა დიდი დარტყმების ქვეშაა თითოეული ჩვენგანი. მთავარი უბედურება მოხდა, შეურაცხყოფა მიაყენეს ძალიან დიდ წმინდანს. შეურაცხყოფა მიაყენეს ღვთისმშობლის ხატს. დედა მატრონას ღვთისმშობლის ხატი უკავია ხელში. ეს დააზიანეს კოლექტიურმა ფერაძეებმა და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ყველამ ერთად. არ უნდა გავჩერდეთ, არ უნდა შევშინდეთ. იყო დრო, როდესაც ეს ხალხი 2012 წლის შემდეგ ცხვირს ვერ ჰყოფდა სახლიდან შიშისგან და დღეს პირიქით არის, ისინი ცდილობენ, დააშინონ საზოგადოება, თითქოს რაღაცნაირი უპირატესობა მოიპოვონ. ყველამ უნდა აგოს პასუხი. თუ დროშის დაწვის გამო კაცს აპატიმრებ, ესენი სამმაგი და ხუთმაგი სასჯელით უნდა იყვნენ დასჯილი. ეს არის ქართული ხატი. ხატი დაიწერა საქართველოში, ხატი დაწერა ქართველმა ხატმწერმა, რომელიც არის მაზიარებელი და აღმსარებელი მანდილოსანი, ცხოვრობს მონაზვნური ცხოვრებით. ეს ხატი 2018 წლიდან იწერებოდა. მინდა, გითხრათ, რომ არაერთ სამღვდელო პირს აქვს ნანახი ეს ხატი. აქ მთავარი ის პატარა ეპიზოდი კი არ იყო, ეს სულაც არ არის მთავარი, მთავარია ის დიდი დანაშაული, რაც ჩაიდინეს ვანდალებმა და ნეობოლშევიკებმა სამების ტაძარში. მთავარია ის, რის გამოც ხმა უნდა ავიმაღლოთ, ჩვენი სიწმინდეების ასეთი შეურაცხყოფა უნდა დამთავრდეს. ამისთვის საჭიროა თითოეული ჩვენგანის რაღაცნაირი გამამაცებაც, ურთიერთშემოძახებაც, გვერდში დგომაც, ხმის ამაღლებაც და დააკვირდით, რა დიდი ტყუილი მოდიოდა მთელი რიგი ამ ნეობოლშევიკების ტელეარხებიდან. რამდენი ტყუილი იყო, თითქოს ეს არის მოცულობაში დიდი ხატი, არადა ორმეტრნახევრიანი ხატია სიმაღლეში“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ამასთან, აქციის დაწყებამდე საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მოუწოდა სასულიერო პირებს, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტთან აქცია პოლიტიკურ ან დესტრუქციულ ხასიათს შეიძენს, არ მიიღონ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობა.