ზურაბ ჯაფარიძე - პოზიცია უცვლელია, არც ახლა ვაწერ ხელს და ვერც კი წარმომიდგენია, დოკუმენტზე ვინმემ ხელი მოაწეროს
ჩემი პოზიცია დღეს ზუსტად იგივეა, რაც იყო იმ საღამოს, როდესაც დაიდო დოკუმენტი დანიელსონის მხრიდან. როგორც მაშინ არ ვაწერდი ხელს, ისევე არ ვაწერ ხელს, – ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გამოსავალი ხელახალი არჩევნებია და კრიზისი მხოლოდ ამ გზით განიმუხტება.
„პუნქტების ნაწილი არის არაფრის მომტანი, ნაწილი კი უბრალოდ შეუთანხმებელია ოპოზიციისთვის, მიუღებელი იყო. ეს ეხება ორ პუნქტს, ხელახალი არჩევნების და პოლიტპატიმრების, პოლიტიკური დევნის პუნქტს.
შესაბამისად, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა ჩემთვის. მაშინაც გაუგებარი იყო, „ქართული ოცნება“ რატომ არ აწერდა ხელს. როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ მათთვის მომგებიანი იყო ხელის მოწერა, მაგრამ არ მგონია, რამე შეასრულონ, ეს პიარის ამბავია. გამოსავალი ხელახალი არჩევნებია, ასეთი კრიზისი განიმუხტება ხელახალი არჩევნებით. ვერც კი წარმომიდგენია, ამ დოკუმენტზე ვინმემ ხელი მოაწეროს. პლებისციტი არის, როდესაც გამოდიხარ და ადამიანებს ეკითხები, ამის მაგივრად რაღაცაზე მიბმა არის არასწორი. საელჩოს ჩამოყვანილმა ამერიკელმა ექსპერტებმა, პირდაპირ თქვეს, რომ ამგვარად მიბმა არ შეიძლება, არც ერთ სხვა ცვლადზე მიბმა არ შეიძლება. თუ ამ მიმართულებით მიდიხარ, უნდა ჰკითხო და გაიგო ადამიანების ნება, თუმცა პლებისციტზე უნდა დათანხმებულიყვნენ თუ თანხმდებოდნენ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.
კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.