გიორგი ვაშაძე - დარჩენილი გვაქვს შანსი, მაგრამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით დეკემბერში არანაირი შეფასების მისია საქართველოში არ იქნება, ვერ ხედავენ პროგრესს რეფორმების მიმართულებით
გიორგი ვაშაძე - დარჩენილი გვაქვს შანსი, მაგრამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით დეკემბერში არანაირი შეფასების მისია საქართველოში არ იქნება, ვერ ხედავენ პროგრესს რეფორმების მიმართულებით

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ბრიუსელში 19-21 ოქტომბერს გამართულ ვიზიტთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის მისაღებად შანსი არსებობს, თუმცა დეკემბერში არანაირი შეფასების მისია საქართველოში არ იქნება.

„გასულ კვირაში გვქონდა ვიზიტი ბრიუსელში, სადაც მონაწილეობა მივიღეთ ALDE-ს ლიდერთა სამიტზე. პარალელურად, შეხვედრა გავმართეთ ევროკავშირის აღმასრულებელ რგოლებში, სწორედ იმ დეპარტამენტებთან, ხელმძღვანელებთან და ადამიანებთან, რომლებიც უშუალოდ მუშაობს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. წარმოგიდგენთ შედეგებს, რომლებიც ძალიან თვალსაჩინოა.

2022 წლის ივნისში საქართველოს ჰქონდა შანსი, რომ მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად, მიგვეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, ამ შანსის რეალიზება არ მოხდა რადგან „ქართულმა ოცნებამ“ არ განახორციელა დემოკრატიული რეფორმები. მეტიც გადადგა ნაბიჯები, რომელმაც უარყოფითი შედეგი გამოიწვია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე; ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დარჩენილი შანსი, მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ადგას, არ მიგვიყვანს ევროკავშირამდე. მათი მხრიდან არ ჩანს ნება დემოკრატიული რეფორმებისა და 12-პუნქტიან რეკომენდაციებში მოცემული ძირითადი რეფორმების განხორციელების შესახებ. მეტიც, სამწუხაროდ, დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც რეგისტრირებულია პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ, ევროკავშირის მხრიდან პირდაპირ ნეგატიური შეფასების საფუძველია, რადგან არ შეესაბამება 12 პუნქტს. შესაბამისად, ჩვენ დარჩენილი გვაქვს შანსი, მაგრამ დეკემბერში არანაირი შეფასების მისია საქართველოში არ იქნება, რადგან ვერ ხედავენ პროგრესს რეფორმების მიმართულებით. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, ყველა პროევროპელმა, პროდასავლელმა მოვძებნოთ ერთიანობის მნიშვნელოვანი ფუნდამენტი, რომელზეც ავაგებთ ჩვენს სამოქმედო გეგმას, რათა საქართველომ ისტორიული შანსი გამოიყენოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, დიდი ალბათობით, ევროკავშირი რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეფასებას მომავალი წლის თებერვალ-მარტში წარმოადგენს და ის სავარაუდოდ ნეგატიური იქნება.

„დოკუმენტში, რომელსაც გავასაჯაროებთ, ყველა დეტალია მოცემული. ეს არის, როგორ ხედავენ ევროპელები საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას. რაც შეეხება დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას, როგორც გვითხრეს, არაერთხელ ჰქონდათ კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან და უთხრეს, რომ მტკნარი ტყუილია და არ შეიძლება, პარტნიორი ქვეყანა ასე იქცეოდეს ევროკავშირთან მიმართებით. ასევე თქვეს, რომ ისინი მაინც აგრძელებენ იმის კეთებას, რასაც აკეთებენ. მათ შორის არავის აქვს ილუზია იმაზე, რომ „ქართული ოცნებიდან“ ვიღაცები მიდიან და „ხალხის ძალა“ არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზმი.

მაღალი ალბათობით, წლის ბოლოს არანაირი შეფასების მისია არ იქნება საქართველოში. სავარუდოდ შეფასების წერას დაიწყებენ მომავალი წლის თებერვალ-მარტში და დაასრულებენ წლის ბოლოს. ისეთ ტენდენციებს ხედავენ, რომ მაღალი ალბათობით, შეფასება იქნება ნეგატიური. უნდა დაინახონ, რომ საკანონმდებლო ცვლილებებს მოაქვს შედეგი. ერთ-ერთი ასეთი პუნქტია დეოლიგარქიზაცია. საჭიროა, ნახონ, მართლა მოხდა თუ არა დეოლიგარქიზაცია. როგორც გვითხრეს, პრაქტიკაში დაკვირვებისთვის სულ უფრო ნაკლები დრო რჩება, ვინაიდან ბევრ პუნქტთან მიმართებით „ქართულ ოცნებას“ ნაბიჯი არ გადაუდგამს. ევროპელები ხედავენ, რომ „ქართული ოცნება“ იყენებს სამ სტრატეგიას და პირდაპირ გვითხრეს, რომ სამივე სტრატეგია არის განწირული წარუმატებლობისთვის. ისინი ხაზს უსვამენ, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, საქართველომ არ დაკარგოს ისტორიული შანსი. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხედვა აქვთ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე მოხდეს გაერთიანება“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.