ზურაბ ჯაფარიძე - არ მჯერა, რომ შეთანხმება იქნება მიღწეული, ან წავალთ ახლანდელი სისტემით, ან „ქართული ოცნება“ თავის რაღაც მოდელს გაიტანს პარლამენტში
ზურაბ ჯაფარიძე - არ მჯერა, რომ შეთანხმება იქნება მიღწეული, ან წავალთ ახლანდელი სისტემით, ან „ქართული ოცნება“ თავის რაღაც მოდელს გაიტანს პარლამენტში

ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ამ მოლაპარაკებებისგან რამე შედეგი დადგება, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„არ მჯერა, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება. რისიც მჯერა, არის ის, რომ ან წავალთ ამ შერეული სისტემით, რომელიც ახლა გვაქვს, 77/73-ზე, ან „ქართული ოცნება“ თავის რაღაც მოდელს გაიტანს პარლამენტში და „ოცნებიდან“ ახალწასული დეპუტატები მას მხარს დაუჭერენ. შეიძლება, პირობითად, ეს იყოს 110/50-ზე, თვითონ შეცვალონ კონსტიტუცია და დასავლელ პარტნიორებს უთხრან, ოპოზიცია კონსტრუქციული არ იყო და ჩვენ რაც შეგვეძლო, მაქსიმუმი გავიტანეთ, რომელიც, ჩვენი აზრით, ახლოს არის პროპორციულთანო“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ აპირებს სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების მქონე ოპოზიციური სპექტრი მაჟორიტარებზე შეთანხმებას, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით შეთანხმება არც ერთ კონკრეტულ ოლქზე არ არის.

„შეთანხმება არსებობს, რომ ზოგადად, ერთმანეთს კონკურენტები არ უნდა დავუყენოთ, რადგან ამ შემთხვევაში ოპოზიციური ხმები დაიშლება და „ოცნება“ მოიგებს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეკითხვაზე, რამდენად დიდია შანსი, რომ ამ ტაქტიკამ გაამართლოს, რადგან მცდელობა უკვე იყო, მაგრამ ამან მაინცდამაინც არ გაამართლა, ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ახლა ერთი მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულ ოპოზიციაში ისეთი ატმოსფეროა, ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

„ასეთი ზოგადი შეთანხმება არსებობს. თუმცა, კონკრეტული ოლქების განხილვა ჯერ არ ყოფილა, სადაც შეიძლება, მერე კონფლიქტები წარმოიშვას. ამიტომ, ასპროცენტიან გარანტიას ვერ ვამბობ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, რამდენად იქნება წარმატების ფორმულა ცნობადობა, თუ ეს არის ის კრიტერიუმი, რითაც ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარებზე თანხმდებიან, რადგან საქართველოში პოლიტიკურ კლასს საკუთარი თავი ისე აქვს ნიველირებული, რომ ცნობადი ფიგურები შესაძლოა, სინამდვილეში, ყველაზე მიუღებელი იყვნენ, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ სამწუხაროდ, უკეთესი კრიტერიუმი არ არის, მაგრამ ფაქტია, ცნობადობა მუშაობს.

„ეს არის ის ნაწილი, რა ნაწილშიც გარკვეული თვალსაზრისით ამ პოლიტიკური გამოცდილების მქონე სხვა ჯგუფებს, თუ ცალკე აღებულ ერთკაციან პარტიებს ვენდობით, რომ ცნობადობა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია. ადამიანი ვთქვათ, ფეხბურთელი თუ იყო და ამით იცნობენ, ამომრჩეველი იმას უფრო უჭერს მხარს და პარტიულ სიებში ამიტომ ჰყავთ ფეხბურთელები, მხატვრები, მომღერლები და ვიღაცები, რომ ცნობადობა მუშაობს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ გატეხა სიტყვა, რომ აღარ მივიდოდა შეხვედრებზე, სადაც იქნებოდა გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც, მისივე განცხადებით, პროპორციული სისტემის შეპირება მიითვისა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ გრიგოლ ვაშაძეს არ ესაუბრება და მასთან არანაირი შეთანხმება არ ექნება, უბრალოდ, ამ შეხვედრებზე მნიშვნელოვანი რაღაცები წყდება და ეს იმდენად მნიშვნელოვანია, უკან დახევა მოუწია.

„უბრალოდ, ამ ადამიანთან არასოდეს არანაირი შეთანხმება არ მექნება, რადგან არ ვენდობი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეკითხვაზე, მოუწევს თუ არა მას თავისი ამომრჩევლისთვის იმის თქმა, რომ მხარი მატყუარას დაუჭირონ, თუ ოპოზიცია შეთანხმდება, რომ ამა თუ იმ ოლქში გრიგოლ ვაშაძე იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ გრიგოლ ვაშაძესთან დაკავშირებით იგივე პრინციპი მუშაობს, როგორც სხვა ლიდერებთან.

„მე არანაირი განსაკუთრებული სიმპათიები არ მაქვს ბევრ ადამიანთან, ვინც იქ იკრიბება. ჩვენ გვინდა, იმ ადამიანებმა, ვინც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მაგიდასთან სხედან, გააცნობიერონ, რომ თუ მართლა გვჯერა ხელისუფლების დამარცხების, სხვა არავინ არ არის. ერთმანეთი მოგვწონს-არ მოგვწონს, პოლიტიკური სპექტრი ჩვენ ვართ, ვინც ვართ. ამ ქვეყანაში ბევრ ადამიანს არც მე ვეხატები გულზე, ნეგატიურ რეიტინგში მესამე ადგილზე ვარ და არც ისე საყვარელი ადამიანი ვარ, მაგრამ თუ ჩვენ ვართ ეს ხალხი, ჩვენ ვართ უმრავლესობა პარლამენტში, ჩვენ ვაკომპლექტებთ მთავრობას და შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაღაც, ადამიანებს უნდა ვუთხრათ, არჩევნების დამთავრების შემდეგ რას ვაკეთებთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.