იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნების“ წევრებს აქვთ ბოლო შანსი, რომ შარში არ გახვიონ ქვეყანა და ოჯახის წევრები, თავი დაანებონ „რუსული კანონის“ მიღებას, ვიდრე დროა, გადმოვიდნენ „გირჩში“ და ჩვენ დაგვაფინანსონ
იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნების“ წევრებს აქვთ ბოლო შანსი, რომ შარში არ გახვიონ ქვეყანა და ოჯახის წევრები, თავი დაანებონ „რუსული კანონის“ მიღებას, ვიდრე დროა, გადმოვიდნენ „გირჩში“ და ჩვენ დაგვაფინანსონ

„ქართული ოცნების“ წევრებს აქვთ ბოლო შანსი, რომ შარში არ გახვიონ ქვეყანა, საკუთარი ოჯახის წევრები და არ გაეხვიონ თვითონ. ამისთვის ყველაზე იდეალური არის „გირჩის“ სასწრაფოდ გაძლიერება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, „გირჩი“ არის ერთადერთი პარტია, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ არ დაიჭერს არცერთ „ქოც“ თანამდებობის პირს, არ წაართმევს ქონებას და არ დააჩაგვრინებს „ნაცებს“.

„ჩვენ ამ კონფლიქტის დასრულება და შერიგება გვინდა. ეს, შეიძლება, შერიგების ბოლო შანსი იყოს. ამიტომ მოვუწოდებ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, სხვდასხვა მაღალი თანამდებობის პირებს და მათ ბიზნესმენებს, თავი დაანებონ „რუსული კანონის“ მიღებას. ნუ გაიფუჭებენ საქმეს ნურც ოჯახში და ნურც ქვეყანაში. ვიდრე დროა, სასწრაფოდ გადმოვიდნენ „გირჩში“ და ჩვენ დაგვაფინანსონ.

ევროკავშირს ერთიანი საგარეო პოლიტიკა გაფართოების ჭრილში შეიძლება გააჩნდეს, მაგრამ მას არ აქვს ისეთი მკვეთრი საგარეო პოლიტიკა, როგორც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ბუნებრივი იყო, რომ აშშ-დან მთავარი დარტყმა წამოვიდოდა ცუდი ქმედების გამო. ეს არ იყო სახუმარო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრემიერის ვიზიტი გადაიდო აშშ-ში. ეს შეიძლება იყოს რაღაცნაირად წითელი ხაზის გადალახვა ამერიკელებისთვის და როდესაც წითელი ხაზები ილახება, ამერიკელები მოქმედებენ. აქედან გამომდინარე, „ქოცებს“ მივმართავდი, ნუ გაიშარებით, ნუ გაშარავთ ნურც ოჯახის წევრებს და ნურც ქვეყანას.

„ოცნების“ გარკვეული კატეგორიის ადამიანებს უკან დასახევი გზა, შეიძლება, არ ჰქონდეთ ან ასე თვლიდნენ თვითონ, მაგრამ აქ საუბარი ეხება თითქმის ასეულობით ადამიანს. მგონია, რომ ყველა ერთნაირად გიჟი არ უნდა აღმოჩნდეს არც პარლამენტში და არც სხვაგან, რომ ერთდღიანი ამბის გამო, რომ დღევანდელი დღის რაღაც შიშები გააჩნიათ, მთელი ქვეყნის მომავალი და საკუთარი თავის და ოჯახების მომავალი არ გადააგდონ ხრამში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, „შესაძლებელია, სანქცირებულთა შორის ყოფილი „ქოცებიც“ აღმოჩნდნენ, მაგრამ არა იმის გამო, რომ ყოფილი „ქოცები“ არიან, არამედ იმის გამო, რომ დღეს მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“.

„ის, რომ მთელ შენს პარლამენტს და მთავრობას ასანქცირებენ, ქვეყნისთვის დამაზიანებელია, მაგრამ ქვეყანას შეიძლება, რამე ეშველოს. ბოლოს და ბოლოს, მივხვდეთ, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლება, მაგრამ მე ვერ ვხვდები, „ქართული ოცნების“ დეპუტატები იქნებიან თუ სხვა პარტიის წარმომადგენლები, როგორ რისკავენ ქვეყნის მომავლის, საკუთარი ოჯახების მომავლის ეჭვქვეშ დაყენებას. მაგალითად, მათი ოჯახის წევრების ადგილზე, მეუღლე იქნებოდა, მამა თუ დედა, მე არ გამოვუშვებდი სამშაბათს პარლამენტის სხდომაზე დასასწრებად. ეს უფრო კარგი ნაბიჯი იქნებოდა და ოჯახის წევრები ვალდებული არიან, ზოგჯერ, როდესაც გეშლება და გაშინებენ, გვერდში დაგიდგნენ, თუ საჭიროა და შენი ქმედუნარიანობა ეჭვქვეშ დგას, მაშინ სახლში დაგტოვონ იმ დროს, როდესაც არ უნდა იყო იქ, სადაც საჭიროა. შეიძლება, ბევრი გზა არსებობდეს, რათა ადამიანი სახლიდან არ გაუშვა ცუდი საქმის გასაკეთებლად, როდესაც იცი, რომ მერე შენც დაზიანდები და შენ რომ კარგი გინდა, ის ადამიანებიც“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.