ზურაბ იდოიძის და - ჩემი ძმა თურქეთში კანადის საელჩოს მოთხოვნის საფუძველზე, პროცედურული შემოწმების გასავლელად იმყოფებოდა
ზურაბ იდოიძის და - ჩემი ძმა თურქეთში კანადის საელჩოს მოთხოვნის საფუძველზე, პროცედურული შემოწმების გასავლელად იმყოფებოდა

პანკისის ხეობაში სპეცოპერციისას დაკავებული ზურაბ იდიოძის და ნათია იდოიძე საკუთარი ძმის უდანაშაულობაში დარწმუნებულია, – ამის შესახებ მან პირველ არხს განუცხადა. ნათია იდოიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და ძმის უდანაშაულობის დასამტკიცებლად საქართველოში აპირებს ჩამოსვლას.

მისი მტკიცებით, ზურაბ იდოიძე თურქეთში, კანადის საელჩოს მოთხოვნის საფუძველზე, პროცედურული შემოწმების გასავლელად იმყოფებოდა.

„ჩემი ძმა უდანაშაულოა, მე ამის მტკიცებულება გამაჩნია. ავსტრიაში იყო ბიძასთან, ბილეთები მე თვითონ ვუყიდე, ცოლთან და შვილებთან დაბრუნებას აპირებდა კანადაში. ის 20 ივნისს ნამდვილად იმყოფებოდა თურქეთში, კანადის საელჩოს მოთხოვნის საფუძველზე, სადაც პროცედურული შემოწმება გაიარა. ჩააბარა დნმ-ის ანალიზი და ანაბეჭდები.

სხვა მოტივით ის იქ არ ყოფილა, ეს არის სიცრუე. როგორც ვიცი, ჩატაევთან კავშირში ადანაშაულებენ, ეს არის ტყუილი. მე სასწრაფოდ ვბრუნდები აშშ-დან და დავამტკიცებ, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა. მანამდე კი ყველას მოვუწოდებ, ცრუ ბრალდებებისგან თავი შეიკავონ“, – განუცხადა პირველ არხს ნათია იდოიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დღეს ახმეტაში  საქართველოს მოქალაქე ზურაბ იდოიძე დააკავა. სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში ჩატარდა ჩხრეკა.