სუს-მა ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით პანკისის ხეობაში ერთი პირი დააკავა 
სუს-მა ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით პანკისის ხეობაში ერთი პირი დააკავა 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დღეს ახმეტაში  საქართველოს მოქალაქე ზურაბ იდოიძე დააკავა. სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში ჩატარდა ჩხრეკა.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე  დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან  ერთად ახმედ ჩატაევი და  მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი  დროებითი საცხოვრებელი ბინიდან  მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის  მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის  მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად  17 დან 20 წლამდე  ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.