ზურაბ გვასალია - ჭარბვალიანობა საბანკო სექტორის ბრალი არ არის
ზურაბ გვასალია - ჭარბვალიანობა საბანკო სექტორის ბრალი არ არის

ჭარბვალიანობის პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს, მაგრამ ის საბანკო სექტორს არ შეუქმნია, – ამის შესახებ „ბანკების ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ზურაბ გვასალიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

ჭარბვალიანობა საბანკო სექტორის ბრალი არ არის და ამაში მისი წვლილი, შესაძლოა, უმნიშვნელო იყოს ან საერთოდ არ იყოს. ეს პრობლემა არასაბანკო სექტორსა და კერძო მევახშეებს უკავშირდება და ის აუცილებლად უნდა მოგვარდეს, ვინაიდან ჭარბვალიანობას ყველა ის უბედურება მოჰყვება, რაც ჩვენს მოქალაქეებზე აისახება“, – განაცხადა გვასალიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აქამდე, სესხის გაცემისას, ტარდებოდა თუ არა ბანკების მიერ დოკუმენტაციისა და შემოსავლების სრულფასოვანი ანალიზი, ზურაბ გვასალიამ განაცხადა, რომ ეს რომ ასე არ ყოფილიყო, საკრედიტო პორტფელში პრობლემური სესხების რაოდენობა ძალიან უმნიშვნელო არ იქნებოდა. 

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, მაშინ რატომ დადგა დღის წესრიგში სესხის აღებისას შემოსავლების დადასტურების აუცილებლობა, გვასალიამ აღნიშნა, რომ ბანკებისთვის გამონაკლისი ვერ გაკეთდება, რომ მათ გარდა, შემოსავლების დადასტურება ყველასთვის საჭირო იყოს.

“რეფორმა მთლიანად ტარდება და ამ რეფორმაში კარგ გადამხდელებთან ერთად, ცუდი გადამხდელებიც მოექცევიან”, – განაცხადა ზურაბ გვასალიამ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა პროექტი, რომელიც სესხის გამცემ ორგანიზაციებს ახალ რეგულაციებს უწესებს.