ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი 5 აპრილისთვის გადაიდო
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი 5 აპრილისთვის გადაიდო

შესაძლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრის, ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი 5 აპრილისთვის გადაიდო.

გადადება ჯაფარიძის და მოსიაშვილის ადვოკატებმა მოითხოვეს. მათ წარადგინეს სამედიცინო დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და ბინაში მკურნალობას საჭიროებს, ნიკა მოსიაშვილი კი ტვინის შერყევით კლინიკაში მკურნალობს. ადვოკატების შუამდგომლობას შსს-ს წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ.

როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ჯაფარიძეს და მოსიაშვილს უფლება აქვთ ახსნა-განმარტების, მტკიცებულებათა განხილვაში მონაწილეობის და მათ გამოჯანმრთელებამდე სხდომას გადადებს.

ამ შუამდგომლობის გარდა, ადვოკატებმა მოითხოვეს სრული ვიდეომასალის საქმეზე დართვა, რომლის დამონტაჟებული ვარიანტი, უფლებადამცველების თქმით, შსს-ს აქვს წარდგენილი. ადვოკატების განმარტებით, სრულ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ იტაცებენ ჯაფარიძეს და მოსიაშვილს და როგორ ძალადობენ პოლიციელები დაკავებულებზე.

ამასთან, ადვოკატებმა წარადგინეს სახალხო დამცველის იზოლატორში შემოწმების ოქმები, რომლებიც, მათივე შეფასებით, ჯაფარიძის და მოსიაშვილის დაზიანებებს ადასტურებს.

ადვოკატებმა ასევე მოითხოვეს მოწმეების დაკითხვა. მოსამართლემ მათი ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა.