ზურაბ ჩხაიძე - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემაზე არასდროს შეგვიქმნია პრობლემა, არაერთხელ იქნა გატანილი ადვოკატების მოთხოვნის საფუძველზე
ზურაბ ჩხაიძე - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემაზე არასდროს შეგვიქმნია პრობლემა, არაერთხელ იქნა გატანილი ადვოკატების მოთხოვნის საფუძველზე

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გიორგი ჩალაძის განცხადება იმის თაობაზე, რომ კლინიკა „ვივამედი“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ისტორიას არ გასცემს.

„გუშინ რაც გაცხადდა „რუსთავი 2“-ის ეთერში, იყო რაღაცების გადმობრალების მცდელობა კლინიკაზე, ჩვენს პერსონალზე და სრულიად უსაფუძვლო, გაუმართლებელია. სამედიცინო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით არასდროს შეგვიქმნია პრობლემა, როდესაც იყო შესაბამისი მოთხოვნა. არაერთხელ იქნა გატანილი სამედიცინო დოკუმენტები ადვოკატების მოთხოვნის საფუძველზე, სახალხო დამცველის, თუნდაც სასამართლოს მიერ. წინა დღეებში ვიზიტი იყო ევროკავშირის ჯგუფის ექიმების, რომლებმაც ნახეს სამედიცინო ისტორია და გაეცნენ. ამიტომ წარმოუდგენელი ტყუილი იყო, რაც გუშინ მოვისმინეთ და სრულიად გაუმართლებელია. რასაც ითხოვდა ადვოკატი, მეორე დღესვე მზად იყო გასატანად, დაახლოებით ერთი კვირაა, ისტორია დევს გვერდით ოთახში“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ამასთან, ზურაბ ჩხაიძეს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა საკითხს, რომ, შესაძლოა, სააკაშვილის ადვოკატმა „ვივამედის“ წინააღმდეგ რეგულირების სააგენტოში სარჩელი შეიტანოს.

„რეგულირების სააგენტოში თუ შეიტანს, ძალიან კარგი იქნება, რადგან თავიდან ბოლომდე გადაიხედება ეს ისტორია. ძალიან ბევრ პრობლემასთან გვაქვს საქმე პაციენტის მართვის პროცესში. ეს იქნება უარის გაცხადება მკურნალობაზე, სამედიცინო პროცედურებზე თუ ასე შემდეგ. ყველაფერი, ყოველდღიური უარი ფიქსირდება სამედიცინო ისტორიაში მკურნალი ექიმის, მორიგე ექიმების მიერ. თუ ეს დანაშაულია და ასე მიიჩნევს ხაჭაპურიძე, შეიტანოს საჩივარი, ეს მისი გადასაწყვეტია. ჩვენ მზად ვართ ამისთვის“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ზურაბ ჩაიძის განცხადებით, პაციენტი მკურნალობაზე უარს თუ იტყვის, ეს მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს.

„პაციენტის მდგომარეობა არის ძალიან ყურადსაღები, თუნდაც კვების ფაქტორიდან, მისი დაავადებებიდან, სტრესული მდგომარეობიდან გამომდინარე. მის მდგომარეობას ამძიმებს  სრული შეუგუებლობა იმ პირობებთან, რა პირობებშიც იმყოფება. ასე თუ გაგრძელდება, მოსალოდნელია მდგომარეობის დამძიმება. ამას ხშირად ვამბობ, მკურნალობას თუ არ დაექვემდებარა, ეს ჯანმრთელობის გაუარესებას გამოიწვევს“, – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.