ზურაბ ჩხაიძე - ბოლო პერიოდში სააკაშვილი უფრო მეტად ითვალისწინებს ექიმების რეკომენდაციას, გააუმჯობესა კვებაც, თუმცა ჩვენი შეთავაზებული კვების რაციონი სრულად მაინც არ სრულდება
ზურაბ ჩხაიძე - ბოლო პერიოდში სააკაშვილი უფრო მეტად ითვალისწინებს ექიმების რეკომენდაციას, გააუმჯობესა კვებაც, თუმცა ჩვენი შეთავაზებული კვების რაციონი სრულად მაინც არ სრულდება

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უფრო მეტად ითვალისწინებს ექიმების რეკომენდაციას.

ჩხაიძის თქმით, სააკაშვილმა გააუმჯობესა კვებაც.

„მისთვის სასურველ საკვებს რაოდენობრივად უფრო მეტს იღებს, თუმცა კვების კომპონენტთან დაკავშირებით ჩვენი რეკომენდაცია, ჩვენ მიერ შეთავაზებული მენიუ სრულად მაინც არ სრულდება. შეიძლება, ადამიანი მაშინ უფრო უარესად გრძნობდა თავს, ახლა შეიძლება, უკეთესად გრძნობს თავს და ალბათ ამიტომ გააუმჯობესა კვების რაციონი. პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო, თუნდაც მისი ლაბორატორიული მონაცემებიდან გამომდინარე. შეიძლება, სუბიექტურად უკეთესად გრძნობდეს თავს, თუმცა ლაბორატორიულ ანალიზებში მაინც არის ცვლილებები, რომლებიც იმსახურებს ყურადღებას. ჩვენ დიდად არ ვამახვილებთ ყურადღებას მის წონაში მატებასთან დაკავშირებით, თუმცა, როცა მოხდა გადამოწმება, დიახ, აღინიშნება წონაში მატება“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ამასთან, კითხვაზე, პოლონელმა ექიმებმა მოამზადეს თუ არა დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, რომ თავად პოლონელი ექიმების გადასაწყვეტია, როდის ექნებათ დასკვნა და როგორ მოიქცევიან.

ჩხაიძის თქმით, კლინიკა „ვივამედში“ უცხოელი ექიმების ვიზიტისას, როდესაც განიხილეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, ჩატარებული კვლევები, პოლონელი ექიმები სრულად დაეთანხმნენ ქართველი ექიმების მკურნალობის ტაქტიკას.

„პოლონელი ექიმების დასკვნის დადებასთან, მათ სამუშაო გეგმასთან დაკავშირებით ნუ მკითხავთ. ეს მათი პრეროგატივაა, როდის დადებენ ამ დასკვნას, როგორ მოიქცევიან, მათ უნდა გადაწყვიტონ. ჩვენ შევხვდით მათ, როცა ჩვენთან კლინიკაში ჰქონდათ ვიზიტი, ერთად გავიარეთ ავადმყოფობის ისტორია, ნახეს დანიშნულება, კვლევები, შედეგები. მათთვის ეს აბსოლუტურად მისაღები იყო, მისაღები იყო ჩვენი მკურნალობის ტაქტიკა. ამავე დროს, სამკურნალო პროცესში რამე დამატებითი მედიკამენტის ჩართულობა არ ჩათვალეს საჭიროდ. არ ყოფილა არანაირი შენიშვნა, მათ სრულად გაიზიარეს ჩვენი პროტოკოლი დაავადების მართვის მიმართულებით“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.