ზურაბ ჭიაბერაშვილი - რუსეთს დღეს არ აქვს ძალა, საქართველოს რეალური სამხედრო ძალით საფრთხე შეუქმნას, პრიგოჟინს რომ მოენდომებინა, მოსკოვშიც შევიდოდა, წინააღმდეგობას პრაქტიკულად ვერ უწევდნენ
რუსეთს დღეს არ აქვს ძალა, საქართველოს რეალური სამხედრო ძალით საფრთხე შეუქმნას, პრიგოჟინს რომ მოენდომებინა, მოსკოვშიც შევიდოდა, წინააღმდეგობას პრაქტიკულად ვერ უწევდნენ, – ამის შესახებ ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ხალხს ზედმეტად აშინებს რუსეთით, რომ ამ შიშით მოახდინოს თავისი ამომრჩევლის მობილიზაცია.
„რუსეთს დღეს ძალა იმისა, რომ საქართველოს რეალური სამხედრო ძალით საფრთხე შეუქმნას, არ აქვს. რატომ? რომ მოენდომებინა პრიგოჟინს, მოსკოვშიც ისე შევიდოდა, რომ წინააღმდეგობას პრაქტიკულად ვერ უწევდნენ. შემდეგ დაიწყებოდა რუსეთის გვარდიასთან შეჯახება. საბოლოო ჯამში, ნაგვის და სახანძრო მანქანები დაუყენეს გზებზე. პუტინი პირდაპირ ამბობს გამოსვლაში, რომ ჩვენ არ დაგვჭირდა უკრაინიდან ჯარის გამოყვანა. ეს რას ნიშნავს? ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ გვქონდა საკმარისი სამხედრო ძალა, რათა გაგვეწია წინააღმდეგობა, მაგრამ საბოლოოდ ისე მოვილაპარაკეთ, რომ იქიდან ძალის გამოყვანა არ დაგვჭირდა. საქართველოს რაც შეეხება, რუსეთი წარმოადგენს არა სამხედრო ძალით ახლა, ამ თვალსაზრისით იმდენად საფრთხეს, რამდენადაც ჩანერგილია ჩვენში შიში. „ქართული ოცნება“ ცდილობს, ამ შიშზე ითამაშოს. ანუ, „ქართული ოცნება“ ზედმეტად გვაშინებს რუსეთით, რათა ამ შიშით მოახდინოს თავისი ამომრჩევლის მობილიზაცია. იმ ადამიანთა უდიდესი ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ „ოცნების“ მხარეს არის, ფიქრობს, რომ „ოცნება“ არის ის სტრატეგია, რომლითაც შეიძლება გავძვრეთ. დღეს რუსეთს შეიძლება არ აქვს (ძალა), მაგრამ ჩვენ თუ მოვწყდით ევროპას, თუნდაც დავრჩით ამ მდგომარეობაში არეულ რუსეთთან, მართლა შეგვექმნება ის რეალური, ფიზიკური საფრთხე, რომელიც ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს ძალიან ცუდ დღეში ჩააგდებს, თუ არ შევასწარით დასავლეთში. ამიტომ აუცილებელია ივანიშვილის, ამ რუსული საოკუპაციო რეჟიმის ცვლილება და სწრაფი ტემპებით ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც უმოკლეს დროში ამოგვაყოფინებს თავს იქ, სადაც არის რეალური უსაფრთხოება – ეს არის ნატო და ევროკავშირი“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.