საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის 4,5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა სავალალოა, რადგან სახელმწიფო ასეთი ტემპით განვითარებულ ქვეყნებს ვერ დაეწევა და იმ სიღარიბეს ვერ უპასუხებს, რაც ქვეყანაშია.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჭიაბერაშვილმა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სავალალოა, რომ დასაქმებაში მცირე ბიზნესის წილი შემცირებულია მაშინ, როცა მცირე ბიზნესი არა უბრალოდ ეკონომიკის ძარღვია, არამედ სიღარიბის აღმოფხვრისთვის მცირე ბიზნესის მყარად დგომა ფუნდამეტურად აუცილებელია.
„სოციალური მიმართულებით საბიუჯეტო ხარჯების გადასროლას ვითხოვთ, მაგრამ თუ მცირე და საშუალო ბიზნესს არ უშველეთ, რაც ლარის გაუფასურებისა და საწვავზე გაძვირებული აქციზის პირობებში კიდევ უფრო გამწვავდა, არაფერი გამოვა. საშემოსავლო გადასახადის შემცირება აუცილებელია ისევე, როგორც ნავთობპროდუქტებზე აქციზის 25 პროცენტით შემცირება უნდა მოხდეს, რაც სწორი მიმართულებით ნაბიჯის გადადგმა იქნება, რადგან სხვაგვარად გაღარიბებას ვერ შევაჩერებთ“, – დასძინა ჭიაბერაშვილმა.