ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად პროგრამა ექვსი თვით გახანგრძლივდა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად პროგრამა ექვსი თვით გახანგრძლივდა.
აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, თებერვლიდან სახელმწიფო აქტიურად დგას უკრაინელი ლტოლვილების გვერდით. ჯერ მერია და ტურიზმის დეპარტამენტი ზრუნავდნენ მათზე, ხოლო 15 ივლისიდან დევნილების სააგენტოს გადმოებარა მათზე ზრუნვა. გვაქვს სპეციალური პუნქტები საზღვრებზე, სადაც მათ შეუძლიათ, განაცხადი გააკეთონ, რომ სჭირდებათ დახმარება. ოჯახებს ყოველთვიური ქირით ვეხმარებით, ასევე სოციალურ დახმარებას ვუწევთ. ზუსტად იგივე განაკვეთებია, რომლებიც აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებს აქვთ. აღნიშნული პროგრამა ექვსი თვით გავახანგრძლივეთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ზურაბ აზარაშვილმა ასევე მოიყვანა სტატისტიკა, თუ რა დაუფინანსეს უკრაინელ ლტოლვილებს და რა სახის დახმარება გაუწიეს ივლისის შემდეგ.
„მოგახსენებთ მოკლე სტატისტიკას, რა დავაფინანსეთ ივლისის შემდეგ. დაახლოებით მილიონ რვაასი ათასი ლარით დავაფინანსეთ მათი სოციალური დახმარებები, ბინის ქირები. 200 000 ლარამდე დაგვიჯდა დროებითი საცხოვრებელი, ვიდრე მათ სტატუსს განვსაზღვრავდით, ბარათს დავუმზადებდით და ასე ვთქვათ, შევისწავლიდით. 800 000-ლარამდე გადავიხადეთ სამედიცინო სერვისებში, რაც საქართველოში სხვადასხვა კლინიკამ გაუწია მათ. დღეისთვის 500 ოჯახი იღებს ბინის ქირას, 300 ლარს, რასაც ჩვენ ვუხდით და 1050-ზე მეტი ადამიანი იღებს ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ამასთან, უკრაინელი ლტოლვილების დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა კითხვას: „მოლდოვაში, სადაც მაღალი იყო დატვირთვა ლტოლვილების მიღების კუთხით, ევროკავშირმა გარკვეული თანხმა გამოყო. თქვენც ხომ არ გაქვთ მოლაპარაკებები ევროპულ სტრუქტურებთან, რათა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ქვეყანაში გარკვეული ფინანსური ტრანსაქცია განხორციელდეს“.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, ევროპული სტრუქტურებისთვის ასეთი თხოვნით არ მიუმართავთ.
„თანხების დაფინანსებაში ჩვენთან ერთად ჩართულია გაერო-ს ლტოლვილთა კომისარიატი. თუ სწორად მახსოვს, ისინი პარალელურად, ჩვენი დახმარების გარდა, 250 ლარს ურიცხავენ. სხვა ქვეყნებთან ცალკეული თხოვნა არ გვქონია. ჩვენი რესურსით სრულად ვაფინანსებთ მათ საჭიროებებს“, – განაცხადა აზარაშვილმა.