ზურაბ აზარაშვილი - რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მივიღეთ უალტერნატივო, სწორი, სახელმწიფოებრივი, გრძელვადიანი გადაწყვეტილება
ზურაბ აზარაშვილი - რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მივიღეთ უალტერნატივო, სწორი, სახელმწიფოებრივი, გრძელვადიანი გადაწყვეტილება

რესპუბლიკურ საავადმყოფოს, თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ნამდვილად აქვს შესაძლებლობა, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩვენ უზრუნველვყოთ მრავალპროფილური, მაღალკვალიფიციური მომსახურებით ჩვენი მოქალაქეები. ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც შეგვიძლია, სამედიცინო უნივერსიტეტთან კოორდინაციით, მძლავრი სახელმწიფო კლინიკა შევქმნათ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ზურაბ აზარაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა. მინისტრობის კანდიდატის თქმით, „კოვიდის“ პერიოდში ქვეყანა სხვა რეალობის წინაშე იდგა, შესაბამისად, მაშინ კლინიკაში სარემონტო სამუშაოები სწორედ პანდემიური პირობებიდან გამომდინარე ჩატარდა.

„ის, რომ რამდენიმე წლის წინ, „კოვიდის“ პერიოდში იქ სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, არ ნიშნავს გრძელვადიან გადაწყვეტას. თუ შევაფასებთ კლინიკის მდგომარეობას, სხვადასხვა დასკვნის საფუძველზე ჩვენ მივიღეთ უალტერნატივო, სწორი, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილას აშენდება 500 საწოლზე გათვლილი, მძლავრი სახელმწიფო კლინიკა, რომელიც იქნება მრავალპროფილური და ასევე ერთ-ერთი დასაყრდენი და ბაზა სამედიცინო უნივერსიტეტისთვის“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მისივე თქმით, კლინიკასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებსა თუ ნებისმიერ სხვა საკითხზე თანამშრომლებთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება.

„მე რამდენჯერმე მქონდა შეხვედრის მცდელობა. ერთ-ერთი ბოლო მცდელობა იყო ერთი კვირის წინაც და კონკრეტულად შეთანხმებულ დროს, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა, რადგან ბოლო მომენტში აღმოჩნდა, რომ შეხვედრა დამოკიდებული ყოფილა მთავრობის იმ გადაწყვეტილების გაუქმებასთან, რაც ჩვენ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით გვაქვს მიღებული. თუმცა, აქ კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ ეს არის უალტერნატივო გამოსავალი, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით შეიძლება, სახელმწიფოებრივად ჩვენ გავაკეთოთ და გრძელვადიანად ჩვენს ქვეყანას დავუტოვოთ მძლავრი სახელმწიფო კლინიკა, რომელიც ასევე იქნება ძალიან ძლიერი კონკურენტი კერძო სექტორისთვის. თანამშრომლებთან შეხვედრებისთვის ყოველდღიურად, 18:00 საათზე სპეციალური ჯგუფია გამოყოფილი, რომელიც ნებისმიერ თანამშრომელს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეხვდება. ისინი იქ არიან ყოველდღიურად, ელოდებიან და რამდენადაც ვიცი, ბოლო დღეებში აქტიური შეხვედრები მიმდინარეობს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატების კითხვებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ამჟამინდელ მდგომარეობასა და ახალი კლინიკის მშენებლობის დაფინანსებასთან დაკავშირებითაც უპასუხა.

რესპუბლიკურის სარდაფის ნახვას ვერ შემოგკადრებთ და ვერ შემოგთავაზებთ, რომ ერთად გვენახა, იქ არსებულ სიტუაციას კლინიკასთან თუ შეიძლება, რამე საერთო ჰქონდეს. აქ იგულისხმება კანალიზაცია, ჩამდინარე წყლები, სადრენაჟე წყლები თუ ყველანაირი ტიპის ნაგავი, ასე ვიტყოდი, რაც ორი სართულის სიმაღლეზე იქ არის. ის, რასაც თქვენ სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლისას ნახულობდით, იყო ათეულობით წლის წინ. ახლა, წლებია, იქ ჩასვლა საერთოდ აკრძალულია“, – განუცხადა ზურაბ აზარაშვილმა ნატო ჩხეიძეს, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს სარდაფში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, როგორც დემონტაჟი, ასევე პროექტთან დაკავშირებული ხარჯები, სამინისტროს ასიგნებებიდან ანაზღაურდება. თუმცა, თუ იქნება ამის საჭიროება, მინისტრობის კანდიდატის თქმით, ძალიან ბევრი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი მზად არის, აღნიშნული პროექტი დააფინანსოს.