ზურაბ აზარაშვილი - წამლის ლაბორატორია მზად არის გასახსნელად, ვთანხმდებით საორგანიზაციო საკითხებზე, ხარისხის დასადგენად მედიკამენტების ნიმუშების საზღვარგარეთ გაგზავნა საჭირო აღარ იქნება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, წამლის ხარისხის ლაბორატორია გასახსნელად უკვე მზად არის. მისივე თქმით, მიმდინარეობს შეთანხმება ტექნიკურ დეტალებსა და თარიღზე, როდესაც ლაბორატორია გაიხსნება.
როგორც აზარაშვილმა განმარტა, მედიკამენტების ხარისხის დადგენის მიზნით ნიმუშების საზღვარგარეთ გაგზავნა საჭირო აღარ იქნება.
„შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ უკვე მზად არის წამლის ლაბორატორია. ახლა ვთანხმდებით ტექნიკურ დეტალებზე, საორგანიზაციო საკითხებზე, რომელ დღეს უნდა დაინიშნოს ლაბორატორიის გახსნა. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს წამლის ლაბორატორია, სადაც მოხდება მედიკამენტების გადამოწმება. აღარ იქნება საჭირო საზღვარგარეთ მედიკამენტების ნიმუშების გაგზავნა მათი ხარისხის დასადგენად“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.