ზურაბ აზარაშვილი - ვნერგავთ კონტროლის სხვადასხვა სისტემას, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, სრულად გაკონტროლდეს ფარმაცევტული ბაზარი, რათა მოსახლეობას მედიკამენტებზე ხელმისაწვდომი ფასები ჰქონდეს
ზურაბ აზარაშვილი - ვნერგავთ კონტროლის სხვადასხვა სისტემას, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, სრულად გაკონტროლდეს ფარმაცევტული ბაზარი, რათა მოსახლეობას მედიკამენტებზე ხელმისაწვდომი ფასები ჰქონდეს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შემუშავებულია ჯანდაცვის სტრატეგია, რომლის მიხედვითაც, მკაფიო პრიორიტეტები არის განსაზღვრული.

როგორც აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა, მოსახლეობისთვის ჯანდაცვა გახდება უფრო ხელმისაწვდომი და ამასთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება როგორც ხარისხი, ისე ამ სისტემაში დასაქმებული ადამიანების უფლებები.

„ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის ხარისხიან ჯანდაცვას. გასულ წელს დავაანონსეთ და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები და რეფორმები დავიწყეთ ამ მიმართულებით, რომლებიც მიმდინარე წელსაც გრძელდება და პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და ჯანდაცვის სისტემებთან ხელმისაწვდომობაზე“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა მედიკამენტებთან დაკავშირებით თურქეთის ბაზრის გახსნასა და მედიკამენტების შეძენისას მოსახლეობის მხრიდან გაკეთებულ დანაზოგზე.

„წინა წლის იანვარში, როცა თურქეთის ბაზარი დავამატეთ აღიარებითი ქვეყნების სიას, რამდენიმე თვე დასჭირდა ბიზნესს გადასაწყობად და თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტისთვის, შემდეგ მომხმარებლებამდე მისვლას. წინა წლის პროგნოზს რასაც ვაკეთებდით, სრული წლის ჭრილში იყო დაახლოებით 200 მილიონი ლარი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას უნდა დაეზოგა ზუსტად იგივე მედიკამენტებში, იგივე დასახელების ხარისხიან მედიკამენტებში, რომლებიც იყო ბაზარზე მანამდე სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული. ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებულია, მოლოდინი, რაც გვქონდა, სრულად გამართლდა. თურქეთის ბაზრიდან ჩვენ მივიღეთ მაღალი ხარისხის მედიკამენტები ხელმისაწვდომ ფასად, რომელმაც ის ანალოგები, რაც იყო სხვადასხვა ქვეყნიდან, მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა უკვე და მოსახლეობას შეუძლია, 400-ზე მეტი დასახელების ქრონიკულ თუ სხვადასხვა ტიპის მედიკამენტებზე ჰქონდეს ხელმისაწვდომობა. ვფიქრობ, ეს პროექტი საკმაოდ წარმატებულია. ეს იყო ჩვენი დიდი რეფორმის ერთი ნაწილი, რომელიც ეხებოდა თურქეთის ბაზრის გახსნას“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

აზარაშვილმა რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებითაც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე შეირჩა ყველაზე მოთხოვნადი, ყოველდღიურად გამოყენებადი მედიკამენტები.

„მოგეხსენებათ, წინა წელს დავიწყეთ ასევე ელექტრონული რეცეპტების სისტემა, გავიარეთ სხვადასხვა ეტაპები, ხოლო უკვე 15 იანვარს გამოვაქვეყნეთ რეფერენტული ფასები მედიკამენტებზე, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ბაზრის ნაწილს მოიცავს, რადგან პირველ ეტაპზე დაკვირვების რეჟიმში ვართ და რამდენიმე თვე ასე გაგრძელდება. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, იყოს ხელმისაწვდომობა, გაიაფებულ მედიკამენტებთან ერთად, ასევე ჩვენი პროგნოზით, ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 40 პროცენტამდე ექნება მოსახლეობას შეღავათი ამ მედიკამენტებზე. საერთო ჯამში, რასაც ხარჯავდა მოსახლეობა, დაახლოებით 40 პროცენტით ნაკლებს დახარჯავს. არის სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული მაგალითები, რომელიც ჩვენ გადმოვიტანეთ ჩვენთან, გავითვალისწინეთ ყველა შესაძლო პრობლემა, რაც იმ ქვეყნებს შეექმნათ, ასევე ჩართული იყვნენ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ექსპერტები, მადლობა მათ ამისთვის. ასევე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი სამინისტროს გუნდს, ვინც ამაში იყო ჩართული და ეს რეფორმა საკმაოდ წარმატებით დავიწყეთ. დარწმუნებული ვარ, შემდეგი ეტაპებიც წარმატებული იქნება. პირველ ეტაპზე შევარჩიეთ ყველაზე უფრო მოთხოვნადი, ყოველდღიურად გამოყენებადი მედიკამენტები, რომლებიც ქრონიკული და ონკოლოგიური ტიპის მედიკამენტებია.

ასევე, ვნერგავთ კონტროლის და მონიტორინგის სხვადასხვა სისტემას, რომელიც  ერთობლიობაში მოგვცემს შესაძლებლობას, სრულად გაკონტროლდეს ბაზარი, რათა მოსახლეობას ჰქონდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომი ფასები. დარწმუნებული ვარ, ამ რეფორმით თითოეული მოქალაქე ამას თავის თავზე იგრძნობს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილმა აგრეთვე განმარტა, როგორ ხდება ფასის დადგენა.

„რეფერენტული ფასწარმოქმნა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაშია, ასევე სხვა ქვეყნებშიც. ეს მოიცავს სპეციალური რეფერენტული ქვეყნების შერჩევას, რომელიც ეკონომიკით, ზომით, მოცულობით, თითოეულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით, ბაზრის ზომით დაახლოებით ერთნაირია. ჩვენ შევარჩიეთ ოთხი ქვეყანა და ამ ოთხ ქვეყანაში არსებული მედიკამენტების ბაზარი ვნახეთ. ასევე, ვნახეთ იმ ქვეყნებშიც ზღვრული ფასები, ადგილზე ჩასული იყვნენ ჩვენი წარმომადგენლები, ექსპერტები ჩართული იყვნენ და ამ ოთხ ქვეყანაში კონკრეტულ მედიკამენტებზე ვნახულობთ ფასებს და იმ ფასების საშუალო ფასით გამოგვყავს ჩვენს ქვეყანაში მედიკამენტზე საბითუმო ფასი. 15-დან 25 პროცენტამდე მარჟა დავუტოვეთ აფთიაქს საბითუმო ფასიდან, რომ ოპერირებისთვის და სხვადასხვა ხარჯისთვის, ასევე გონივრული მოგებისთვის აფთიაქს დარჩეს.

ფარმაცევტული ბაზარი უნდა იყოს რეგულირებული. შეუძლებელია, მედიკამენტებზე ფასები დგინდებოდეს იმის მიხედვით, როგორი ხელოვნური მოთხოვნა შეიძლება, შეიქმნას მედიკამენტზე, ან ზოგიერთი ექიმის და ფარმაცევტული კომპანიის შემთხვევაში შეიძლება, სხვადასხვა არაკეთილსინდისიერ მარკეტინგს, გარიგებებს ჰქონდეს ადგილი. ზედმეტად გადახდილი თანხები, პირველ რიგში, მოსახლეობას აწვება ტვირთად. 2026 წლიდან ქრონიკული მედიკამენტების 90 პროცენტზე მეტი სახელმწიფომ უნდა დაფაროს თვითონ, ამიტომ სახელმწიფოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ფასწარმოქმნა და მედიკამენტების ფასი ქვეყანაში იყოს სწორი და იყოს შესაბამისობაში სხვა ქვეყნების გამოცდილებასთან“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.