ზურაბ აზარაშვილი შრომის გლობალური უსაფრთხოების დღის წესრიგის მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სეულში, გლობალური უსაფრთხოების დღის წესრიგის (GHSA) რიგით მეშვიდე მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა.
ზურაბ აზარაშვილმა გლობალური ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველომ არსებითი ცვლილებები განახორციელა.
მინისტრის განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა „ერთიანი ჯანმრთელობის“ მიდგომაზე დაფუძნებული, დაავადებათა ერთიანი ელექტრონული ზედამხედველობის სისტემის ჩამოსაყალიბებლად. მისივე თქმით, მიდგომა გავრცელებული ინფექციების სწრაფად აღმოჩენისა და მათზე რეაგირების შესაძლებლობას იძლევა. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, საქართველო სულ უფრო მეტ ინვესტიციებს ახორციელებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობების განვითარებისთვის.
„ეს მოიცავს: საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე გადაუდებელი რეაგირების ცენტრების შექმნას, რეგიონული სწრაფი რეაგირების ჯგუფების ტრენინგს, რეაგირების გეგმების შემუშავებას, სახელმწიფო საავადმყოფოებისა და სასწრაფო დახმარების სერვისების გაძლიერებას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად, კორეის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურიც იმყოფება.