ზურაბ აზარაშვილი - რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებით ფარმაცევტულ სექტორთან თანამშრომლობა საკმაოდ კარგად მიმდინარეობს, ძალაში შესვლამდეც რამდენიმე კომპანიამ ფასები მკვეთრად შეამცირა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების გავრცელებასთან დაკავშირებით ფარმაცევტულ სექტორთან თანამშრომლობა საკმაოდ კარგად მიმდინარეობს.
მისივე თქმით, რეფერენტული ფასების ამოქმედებამდე რამდენი დღით ადრეც რამდენიმე კომპანიამ ფასები მკვეთრად შეამცირა.
„ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციების შემოტანა 2022 წელს დავიწყეთ და 2023 წლის იანვარში გამოქვეყნებული რეფერენტული ფასების პირველი ეტაპი დღეიდან ამოქმედდა. ძალიან მიხარია, რომ რამდენიმე კომპანიამ ეს გამოქვეყნებამდე გაითვალისწინა და კონკრეტულ მედიკამენტებზე უკვე რეფერენტული ფასების მიხედვით მოექცა ჩარჩოებში, მნიშვნელოვნად დააკლო ფასები. იცით, რომ ეს არის პირველი ეტაპი და მომდევნო პერიოდში გავაგრძელებთ რეფერენტული ფასების დაწესებას კიდევ სხვა მედიკამენტების ჯგუფებზე. ეს გაგრძელდება როგორც ქრონიკულ, ასევე ონკოლოგიურ მედიკამენტებზე. საერთო ჯამში, უკვე დღეიდან ამოქმედებული ფასების მიხედვით, დაახლოებით 800-ზე მეტ მედიკამენტზე ვრცელდება ფასების ზედა ზღვარი და ყველა ამ მედიკამენტზე საშუალოდ 40 პროცენტამდე ფასდაკლება იქნება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აზარაშვილს კითხვით მიმართეს, ხომ არ შედგა რაიმე ტიპის შეთანხმება ფარმაცევტულ კომპანიებთან, რომლებმაც გარკვეული კატეგორიის მედიკამენტებზე ფასების დაწევა მოითხოვეს.
როგორც აზარაშვილი ამბობს, 400-ზე მეტ მედიკამენტზე ფასი გადაიხედა.
„15 იანვრისთვის რეფერენტული ფასები როცა გამოვაქვეყნეთ, ერთი თვე იყო ვადა ძალაში შესვლამდე. იანვრის ბოლომდე ჰქონდათ გასაჩივრების დრო. 1 200-ზე მეტი მედიკამენტიდან ნაწილი გასაჩივრდა. ზუსტად ამიტომ შევიდა ძალაში დღეს 800-ზე მეტი მედიკამენტი, დარჩენილ 400-ზე ცოტა მეტ მედიკამენტზე კი ფასის გადახედვა მოხდა. ფარმაცევტულ კომპანიებს ერთთვიანი ვადა აქვთ. საერთო ჯამში, 15 მარტიდან 1 200-ვე მედიკამენტი იქნება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.