ზურაბ აზარაშვილი - მზად ვართ, პირველი ნოემბრიდან ავამოქმედოთ დაფინანსების ახალი მოდელი, ე.წ. დიარჯი სისტემა, კლინიკები პაციენტებს განსაზღვრულის გარდა, დამატებით გადახდებს ვეღარ დაუწესებენ 
ზურაბ აზარაშვილი - მზად ვართ, პირველი ნოემბრიდან ავამოქმედოთ დაფინანსების ახალი მოდელი, ე.წ. დიარჯი სისტემა, კლინიკები პაციენტებს განსაზღვრულის გარდა, დამატებით გადახდებს ვეღარ დაუწესებენ 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კლინიკებში სამედიცინო სერვისებზე ტარიფები პირველი ნოემბრიდან უკვე დაფინანსების ახალი მოდელით, „დიარჯი“ სისტემის მიხედვით დაითვლება.

მისივე თქმით, კლინიკები პაციენტებს ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანების საფუძველზე განსაზღვრულის გარდა, დამატებით გადახდებს ვეღარ დაუწესებენ.

„მთავრობაზე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სამედიცინო სერვისების ყველაზე სამართლიანი, ყველაზე სწორი და აპრობირებული სისტემით დაფინანსებას. ათიათასობით სერვისი, რომელზეც ტარიფები იყო განსაზღვრული, უკვე „დიარჯი“ მეთოდოლოგიით დაითვლება. კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე ტარიფი გამოითვლება საბაზისო ტარიფისა და „დიარჯის“ წონის მიხედვით – პაციენტის კლინიკაში შესვლიდან, მკურნალობისა და კლინიკიდან გაწერის ჩათვლით.

ეს მეთოდი არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და სამართლიანი მეთოდი, რომელიც წლებია, სხვა ქვეყნებში დანერგილია. ჩვენთანაც იყო რამდენიმე მცდელობა, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული. შემდეგ 2016 წლიდან განახლდა, შევიძინეთ ეს სისტემა. მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა კოდების მისანიჭებლად და სწორი გამოთვლის მექანიზმის შესამუშავებლად. უკვე წელს, იანვრიდან ისევ გავააქტიურეთ საკითხი და როგორც დაანონსებული გვქონდა, ოქტომბერში რამდენიმე ხნით გადაიწია ამოქმედება. მზად ვართ, პირველი ნოემბრისთვის ეს სისტემა გავუშვათ.

ყველა კლინიკა, რომელსაც სურვილი ექნება, „დიარჯი“ სისტემის მიხედვით მოხდეს თანხების ანაზღაურება, ამ სისტემაში ჩართვის სურვილს გამოთქვამს. კლინიკები პაციენტებს ჯიბიდან ვერანაირ დამატებით გადახდებს ვეღარ დაუწესებენ, გარდა იმისა, რაც განსაზღვრული იქნება ჩვენი ბრძანებით. ამასთან, რეფერალი სისტემიდან ონკოლოგიურ შემთხვევებს რასაც ვაფინანსებდით, ესეც საყოველთაო ჯანდაცვის მხარეს გადაგვაქვს. ყოველწლიურ ლიმიტს 25 000 ლარამდე ვზრდით, რაც მომართვიანობის სულ მცირე 90 პროცენტს დაგვიფარავს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ამასთან, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, იანვრიდან კლინიკები მკაცრად გაკონტროლდებიან და დარღვევების შემთხვევაში, სათანადო სანქციები დაეკისრებათ.

„ჩვენი მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება და კლინიკასაც ფინანსური მოტივაცია აღარ ექნება. სამწუხაროდ, გვქონდა შემთხვევები, როდესაც ფინანსური მოტივაციიდან გამომდინარე, პაციენტის სამკურნალოდ იმაზე მეტი ჩარევა ხდებოდა, ვიდრე საჭირო იყო. „დიარჯი“ სისტემა ამ ყველაფერს გადააზღვევს, რადგან ერთი „დიარჯი“ კოდით დაგენერირდება და ცალ-ცალკე სერვისებზე გადახდა აღარ მოხდება. პირველი ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ეგრეთ წოდებული საპილოტე რეჟიმი გვექნება და კლინიკებს რამე დახმარება თუ სჭირდებათ, დავეხმარებით, სანქციებს არ გამოვიყენებთ. პირველი იანვრიდან კი მკაცრად გავაკონტროლებთ და პირველი შემთხვევის დროს იქნება ჯარიმა, მეორე შემთხვევა თუ დაფიქსირდება, მას საყოველთაო ჯანდაცვიდან დაფინანსება შეეზღუდება და კლინიკა პროგრამიდან ჩაიხსნება. ეს უკვე დადგენილებაში შევიტანეთ. მერწმუნეთ, ეს იმაზე მკაცრი სანქციაა, ვიდრე კონკრეტულ შემთხვევაზე ფულადი ჯარიმა“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.