ზურაბ აზარაშვილი - მოქალაქე, რომელსაც სურს, იყოს დონორი ან სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპით, შეუძლია, მიიღოს მხოლოდ პროცესის უხერხულობასთან, გამოკვლევებთან, მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯების კომპენსაცია
მოქალაქე, რომელსაც სურს, იყოს დონორი ან სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განუცხადა.
„ერთი მნიშვნელოვანი და პრინციპული, რაც ამ კანონით რეგულირდება, არის უანგარობის პრინციპი. თუნდაც საქართველოს ის მოქალაქე, რომელსაც სურს, იყოს დონორი ან იყოს სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ შეუძლია, მიიღოს ის კომპენსაცია, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება ახლდეს თან; ან სამედიცინო გამოკვლევებს, შემდეგ მშობიარობას და ამ ხარჯებთან დაკავშირებულს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მისივე თქმით, ეს მიმართულება დაურეგულირებელია და არ ახლავს ის რეგულაცია, რამაც პროცესის უსაფრთხოდ ჩატარება უნდა უზრუნველყოს.
„გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის დაურეგულირებელი და იმ კონკრეტული ადამიანის მოტივაცია არის დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან, მაგრამ ამას თან არ ახლავს ის რეგულაცია და კონტროლი, რამაც უსაფრთხოდ უნდა ჩაატარებინოს ეს პროცედურა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ფაქტი გვაქვს. ზუსტად აქედან გამომდინარეა, რომ რეგულირდება. საქართველოს იმ მოქალაქეს, ვისაც ამის სურვილი აქვს, საქართველოს მოქალაქისთვის იმავეს გაკეთება ისევ შეეძლება. მაგრამ არ შეეძლება უცხოეთში. რეკლამის შემთხვევაში, ვზღუდავთ აქ რეკლამას და არ შეეძლება უცხოეთის მოქალაქისთვის, არ მინდა, ეს სიტყვა გამოვიყენო, იმავე სერვისის გაწევა“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, მინისტრის თქმით, ხუთი წლის წინ წელიწადში დაახლოებით 1 000 შემთხვევა იყო როგორც სუროგაციის, ასევე დონორობის, დღეს კი უკვე წელიწადში 2 000-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული.
„გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული პროცესი, დამკვეთები ძირითადად არიან არა საქართველოს მოქალაქეები“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული.