ზურაბ აზარაშვილი - მალე ონკოლოგიური მედიკამენტები შემოვა პირდაპირ მწარმოებლიდან, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, მოიხსნას დაფინანსების ლიმიტთან დაკავშირებული პრობლემები, საუბარია ლიმიტის მოხსნაზეც
მალე ონკოლოგიური მედიკამენტები შემოვა პირდაპირ მწარმოებლიდან, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, მოიხსნას დაფინანსების ლიმიტთან დაკავშირებული პრობლემები, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
როგორც აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, საუბარია ლიმიტის მოხსნაზეც.
„დაახლოებით 7 000 მედიკამენტია დღეს ბაზარზე, რაც ბრუნავს, საიდანაც პირველ ეტაპზე 1 100 მედიკამენტზე დავაწესეთ რეფერენტული ფასები. ძირითადად, ესენი არიან ქრონიკული ტიპის მედიკამენტები, რომელთა უდიდეს ნაწილსაც წლის განმავლობაში სხვადასხვა ლიმიტით ვუფინანსებთ 300 000-ზე მეტ ჩვენს მოქალაქეს. ადამიანები მიდიან აფთიაქში და უფასოდ იღებენ მედიკამენტებს.
სწორედ ამ 1 100 მედიკამენტზე რეფერენტული ფასების შემოტანით ღირებულების დაახლოებით 40-პროცენტიანი კლებაა. 40-პროცენტიანმა კლებამ მოგვცა შესაძლებლობა, მოცვა კიდევ უფრო გაგვეზარდა. აქამდე ადამიანებს რამდენიმე თვეში თუ უთავდებოდათ ლიმიტი, ახლა უკვე წლის განმავლობაში სრულად შეგვიძლია ქრონიკული საჭიროებისთვის მედიკამენტების დაფინანსება.
ონკოლოგიური მედიკამენტების შემთხვევაში, რეფერენტული ფასთწარმოქმნის დროს, როცა ძვირადღირებული მედიკამენტებია, გვაქვს რეკომენდაცია, რომ პირდაპირ მწარმოებლებთან მოხდეს სამინისტროს, სახელმწიფოს მხრიდან მოლაპარაკებები, მწარმოებლებთან ეგრეთ წოდებული პირდაპირი შეთანხმებით მიიღწეს, რომ მნიშვნელოვანი ფასდაკლება გაუკეთონ სახელმწიფოს და პირდაპირ დავდოთ კონტრაქტები. ამ მხრივაც, რასაკვირველია, უკვე დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები. 80 დასახელებამდე მედიკამენტია და წლის განმავლობაში დაახლოებით 90 მილიონ ლარს ვხარჯავთ ამ მიმართულებით.
ამ მედიკამენტების დაახლოებით ათამდე მწარმოებელია და ინდივიდუალურად, პირდაპირ მწარმოებელ ქარხნებთან, მსხვილ მწარმოებლებთან გვიწევს შეთანხმება. ძალიან მალე ეს მედიკამენტები ქვეყანაში შემოვა პირდაპირ მწარმოებლიდან და ჩვენ შეგვეძლება, მნიშვნელოვნად შემცირებული თანხები გადავიხადოთ. სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას როგორც ქრონიკული მედიკამენტების შემთხვევაში, ისე ონკოლოგიური მედიკამენტების, რომ სრულად დავაფინანსოთ ონკოლოგიური პაციენტების მთელი წლის საჭიროება. შესაბამისად, მოიხსნას პრობლემები, რომლებიც ლიმიტის ამოწურვას ეხებოდა. საერთოდ, ლიმიტის მოხსნაზეც გვაქვს საუბარი“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.