ზურაბ აზარაშვილი ჰანს კლუგეს შეხვდა
ზურაბ აზარაშვილი ჰანს კლუგეს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს, ჰანს კლუგეს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმები, პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარება და ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების DRG მოდელი განიხილეს.

მინისტრის განცხადებით, მოდელის ამოქმედების შემდეგ, ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები მკვეთრად შემცირდა. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, სამედიცინო დაწესებულებებში DRG მოდელის დანერგვა ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების DRG მოდელი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმაც შეაფასა. ჰანს კლუგეს განცხადებით, აღნიშნული მოდელით მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაიზარდა, სამედიცინო დაწესებულების მართვა კი გაუმჯობესდა და მეტად გამჭვირვალე გახდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით რეფერენტული ფასწარმოქმნის ამოქმედებასაც, ასევე, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის გაიდლაინების შემუშავებისა და დანერგვის გამოცდილებასა და საერთაშორისო პრაქტიკას. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს მთავრობა გეგმავს, კიდევ უფრო გააუმჯობესოს სახელმწიფო პროგრამები, გახდეს უფრო ყოვლისმომცველი და უპასუხოს მოქალაქეების ინდივიდუალურ საჭიროებებს, მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ოქსანა დომენტი და როი ვალდა ესწრებოდნენ.