ზურაბ აზარაშვილი - ე.წ. დახურულ აუქციონზე ოთხი-ხუთი კომპანია 80 დასახელების მედიკამენტზე ერთნაირ ფასებს გვთავაზობს, წარმოუდგენელია, ერთმანეთთან შეუთანხმებლად ყველამ იგივე ფასი მოგვაწოდოს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა იმ გარემოებებზე, რის საფუძველზეც აუცილებლად მიიჩნიეს, რომ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს რეფერენტულ მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურად გაზრდასთან დაკავშირებით მოკვლევა დაეწყო.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, კვლევის შედეგად კანონდარღვევა თუ გამოვლინდება და საქმე შეეხება დომინანტი კომპანიების მხრიდან შეთანხმებულ მოქმედებებს, ამას მკაცრი სანქციები მოჰყვება.
„რეფერენტული ფასები არის მსოფლიოში აპრობირებული ყველაზე სწორი ფასთწარმოქმნის მექანიზმი ფარმაცევტულ ბაზარზე. შესაბამისად, აუცილებელი იყო ქვეყანაში რეფერენტული ფასების დაწესება, რათა მოსახლეობისთვის მედიკამენტი მეტად ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ასევე სახელმწიფოს მხრიდანაც რაც შეიძლება მეტად ეფექტიანად მომხდარიყო მედიკამენტებზე თანხის ხარჯვა.
დაახლოებით 7 000 მედიკამენტია დღეს ბაზარზე, რაც ბრუნავს, საიდანაც პირველ ეტაპზე 1 100 მედიკამენტზე დავაწესეთ რეფერენტული ფასები. ძირითადად, ესენი არიან ქრონიკული ტიპის მედიკამენტები, რომელთა უდიდეს ნაწილსაც წლის განმავლობაში სხვადასხვა ლიმიტით ვუფინანსებთ 300 000-ზე მეტ ჩვენს მოქალაქეს. ადამიანები მიდიან აფთიაქში და უფასოდ იღებენ მედიკამენტებს.
სწორედ ამ 1 100 მედიკამენტზე რეფერენტული ფასების შემოტანით ღირებულების დაახლოებით 40-პროცენტიანი კლებაა. 40-პროცენტიანმა კლებამ მოგვცა შესაძლებლობა, მოცვა კიდევ უფრო გაგვეზარდა. აქამდე ადამიანებს რამდენიმე თვეში თუ უთავდებოდათ ლიმიტი, ახლა უკვე წლის განმავლობაში სრულად შეგვიძლია ქრონიკული საჭიროებისთვის მედიკამენტების დაფინანსება.
ონკოლოგიური მედიკამენტების შემთხვევაში, რეფერენტული ფასთწარმოქმნის დროს, როცა ძვირადღირებული მედიკამენტებია, გვაქვს რეკომენდაცია, რომ პირდაპირ მწარმოებლებთან მოხდეს სამინისტროს, სახელმწიფოს მხრიდან მოლაპარაკებები, მწარმოებლებთან ეგრეთ წოდებული პირდაპირი შეთანხმებით მიიღწეს, რომ მნიშვნელოვანი ფასდაკლება გაუკეთონ სახელმწიფოს და პირდაპირ დავდოთ კონტრაქტები. ამ მხრივაც, რასაკვირველია, უკვე დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები. 80 დასახელებამდე მედიკამენტია და წლის განმავლობაში დაახლოებით 90 მილიონ ლარს ვხარჯავთ ამ მიმართულებით.
ამ მედიკამენტების დაახლოებით ათამდე მწარმოებელია და ინდივიდუალურად, პირდაპირ მწარმოებელ ქარხნებთან, მსხვილ მწარმოებლებთან გვიწევს შეთანხმება. ძალიან მალე ეს მედიკამენტები ქვეყანაში შემოვა პირდაპირ მწარმოებლიდან და ჩვენ შეგვეძლება, მნიშვნელოვნად შემცირებული თანხები გადავიხადოთ. სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას როგორც ქრონიკული მედიკამენტების შემთხვევაში, ისე ონკოლოგიური მედიკამენტების, რომ სრულად დავაფინანსოთ ონკოლოგიური პაციენტების მთელი წლის საჭიროება. შესაბამისად, მოიხსნას პრობლემები, რომლებიც ლიმიტის ამოწურვას ეხებოდა. საერთოდ, ლიმიტის მოხსნაზეც გვაქვს საუბარი.
რაც შეეხება იმ ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებას, სამწუხაროდ, ასეთი სავარაუდო ფაქტები დაფიქსირდა. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რა განაპირობებს ჩვენს ვარაუდს. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო დაახლოებით 90 მილიონის მედიკამენტს ყიდულობს წლის განმავლობაში. ისევ და ისევ ძირითადად ოთხი-ხუთი მომწოდებელი მსხვილი კომპანიის თხოვნის საფუძველზე, ყოველთვიურად ხდება ფასის დაფიქსირება. ტარდება ეგრეთ წოდებული დახურული აუქციონის ტიპის შემოთავაზებები. ყველა კომპანიას მაქსიმალური ინტერესი აქვს, რადგან ძვირად ღირებული მედიკამენტებია, მაგრამ ძვირად ღირებულთან ერთად, მნიშვნელოვანია, გონივრული ფასები იყოს დაწესებული, მით უმეტეს, როცა ონკოლოგიურ პაციენტებს ეხება საქმე და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება დაფინანსება. რომ წარმოიდგინოთ, თვეში ერთხელ გამართულ დახურული ტიპის აუქციონზე ეს ოთხი-ხუთი კომპანია 80 დასახელების მედიკამენტზე ერთსა და იმავე ფასებს გვთავაზობს. თეორიულადაც წარმოუდგენელია, ერთმანეთთან შეუთანხმებლად ყველამ ერთი და იგივე ფასი მოგვაწოდოს. ზუსტად ეს იყო ამ ვარაუდის საფუძველი. უკვე მეორე შემთხვევა რადგან იყო, კონკურენციის სააგენტომ დაუყოვნებლივ დაიწყო მოკვლევა. დომინანტური მდგომარეობა და შეთანხმებულად ფასების დაწესება თუ დადასტურდება, მკაცრი სანქციებია, რასაც მათ მიმართ კონკურენციის სააგენტო გაატარებს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.