ზურაბ აზარაშვილი - ბედიანში ოთხი მცირე ზომის ფსიქიატრიული დაწესებულება გვექნება და ბენეფიციარები ახალ დაწესებულებაში გადანაწილდებიან, ორი ფსიქიატრიული დაწესებულების აშენება იგეგმება კახეთშიც
ზურაბ აზარაშვილი - ბედიანში ოთხი მცირე ზომის ფსიქიატრიული დაწესებულება გვექნება და ბენეფიციარები ახალ დაწესებულებაში გადანაწილდებიან, ორი ფსიქიატრიული დაწესებულების აშენება იგეგმება კახეთშიც

ბედიანში 3-4 თვეში ოთხი მცირე ზომის ფსიქიატრიული დაწესებულება გვექნება და ბენეფიციარები ახალ დაწესებულებაში გადანაწილდებიან, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, ამას გარდა, ორი ფსიქიატრიული დაწესებულება აშენდება კახეთში.

„დღეს ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 1 500 საწოლი გვაქვს, თუმცა, საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით, საწოლების რაოდენობა, სულ მცირე, გასაორმაგებელია. საუბარი არ არის მხოლოდ ფიზიკურად გაორმაგებაზე. ჩვენი პოლიტიკის მიხედვით, დიდი ზომის ინსტიტუციები არ შეიძლება, 200-300 პაციენტი არ უნდა იყოს ერთად. აქედან გამომდინარე, შევიმუშავეთ გეგმა და 30-50 პაციენტზეა საუბარი. ბედიანში, სადაც მძიმე მდგომარეობა იყო, 3-4 თვეში გვექნება ოთხი მცირე ზომის ფსიქიატრიული დაწესებულება და ეს ბენეფიციარები უკვე იქ გადანაწილდებიან.

გარდა ამისა, ორი ფსიქიატრიული დაწესებულების აშენება იგეგმება კახეთში. პროექტი იყო ჩინურ მხარესთან ერთად. სამწუხაროდ, 2019-2021 წლებში კოვიდთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მათთან აქტიური კომუნიკაცია არ იყო. მიმდინარე წელს ისევ განვაახლეთ კომუნიკაცია და, ვფიქრობ, პროექტი, რაც მათთან ერთად იყო, შესრულდება და კახეთში ორი ფსიქიატრიული დაწესებულება აშენდება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.