ზურაბ აზარაშვილი - 2025 წლიდან ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილების ვალდებულება ექნებათ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კლინიკების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გასული წლიდან მოყოლებული უწყება აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას.
მისივე თქმით, ამ ღონისძიებების ფარგლებში, კლინიკებისთვის შესაბამისი სტანდარტები განისაზღვრება.
„კლინიკების მომსახურების ხარისხის გაზრდის კუთხით გასულ წელს აქტიურად დავიწყეთ სხვადასხვა ღონისძიება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სტანდარტების განსაზღვრა სხვადასხვა მიმართულებით. წინა შემთხვევაში განვსაზღვრეთ რეანიმაციისთვის, ახლა გვქონდა ქირურგიის სტანდარტი. ეტაპობრივად მივყვებით და ყველა მიმართულებას ექნება თავისი სტანდარტი როგორც ოთახების მოწყობის, ასევე აღჭურვილობისა და სხვადასხვა კომპონენტის.
საბოლოო ჯამში, 2025 წლიდან ყველა კლინიკისთვის, რომელიც ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, გვექნება ვალდებულება, კლინიკების საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს. შესაბამისად, აქტიურად მივყვებით გეგმას, რაც გვაქვს ამ მიმართულებით. ვფიქრობ, ძალიან მალე კლინიკებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მომსახურება გვექნება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სტაციონარული დაწესებულებებისთვის განახლებული სანებართვო პირობები დამტკიცდა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცვლილების მიზანია პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.