ზურაბ აზარაშვილი - 2024 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ემატება, რაც მოგვცემს მეტი სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას
ზურაბ აზარაშვილი - 2024 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ემატება, რაც მოგვცემს მეტი სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას

2024 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვას სახელმწიფო პროგრამას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ემატება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მეტი სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას მოგვცემს, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა,ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

„როგორც კი ეჭვი გაჩნდება რაიმე ტიპის სიმსივნეზე, კონკრეტულ კლინიკებში საბოლოო დიაგნოზის დასმას და ამ პროცესის დაფინანსებას უზრუნველვყოთ. ეს საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ ონკოლოგიური დაავადება. ასეთ დროს, განკურნების შანსი უფრო მაღალია“, – აღნიშნა აზარაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა, გაცილებით ეფექტურია ფინანსური კუთხითაც და ამას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც ადასტურებს, სადაც ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში, დანახარჯები დაახლოებით, 40%-ით მცირდება. თუმცა, მინისტრის განცხადებით, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მეტი სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობაა.

მინისტრმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის წარმატებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2013 წელს მიღებული გადაწყვეტილება იყო განაცხადი, რომ სამედიცინო სერვისების, თუ მედიკამენტების ხარჯების მაქსიმალურად დაფინანსებით, სახელმწიფო ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე, ზუსტად ისე, როგორც ეს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშია.

„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა სწორედ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჯიბიდან გადახდების შემცირების მიზნით დაიწყო. თუ 2013 წლისთვის, 75%-მდე გვქონდა ჯიბიდან გადახდები, დღეს უკვე ეს მაჩვენებელი სამედიცინო ჩარევების შემთხვევაში, 10%-მდეა შემცირებული. მედიკამენტების შემთხვევაში ცოტა მაღალი გვაქვს, თუმცა, მიმდინარე წელს, მნიშვნელოვანი კლებაა. საბოლოო ჯამში, როდესაც რეფერენტული ფასები ყველა მედიკამენტზე გავრცელდება, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს კი სრულად დავფარავთ, ეს მაჩვენებელიც ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.