ზურაბ აზარაშვილი - 2013 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტს გაუხსნა გზა სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო სერვისებისკენ
2013 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტს გაუხსნა გზა სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო სერვისებისკენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ათი წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მიმართა. უწყების ხელმძღვანელმა გამოსვლა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ათი წლის განმავლობაში სამი მილიონი ადამიანის 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა შვიდ მილიარდამდე ლარით დაფინანსდა.
მინისტრის განცხადებით, პროგრამას მუდმივად მზარდი ბიუჯეტი აქვს და 2023 წლისთვის მისი მოცულობა 880 მილიონი ლარით განისაზღვრა. ჯანდაცვის პროგრამების 2023 წლის მთლიანი ბიუჯეტი კი 1,450 მლნ. ლარზე მეტია.
ღონისძიებაზე ზურაბ აზარაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალ მოდელი და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით დანერგილი რეფორმებიც გააცნო. ისაუბრა სამედიცინო სერვისის ხარისხისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზეც.
„ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ დიდ ქალაქებში. ამ პრობლემის გამო მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს ხშირ შემთხვევაში საკუთარი სახლ-კარის დატოვება უწევდათ. დღეს დიალიზის სერვისი დამატებით ხელმისაწვდომია მესტიაში, ამბროლაურში, თიანეთში, ლანჩხუთსა და ყაზბეგში. 2023 წელს ქვეყნის მასშტაბით დიალიზის სერვისი კიდევ 11 ლოკაციაზე დაინერგება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების შედეგად ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების მაჩვენებელი 60%-ით შემცირდა, C ჰეპატიტის გავრცელება – 67%-ით.
უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა მიმდინარე წელს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას B ჰეპატიტის კომპონენტი დაემატოს.
„ჩვენ გვაქვს გეგმა და უნიკალური შესაძლებლობა, რომ საქართველო გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც 2025 წლისთვის ორ ძირითად ეპიდემიას – აივ/შიდსსა და C ჰეპატიტს ერთდროულად დაასრულებს“, – განაცხადა აზარაშვილმა.
კონფერენციაზე მინისტრმა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირებისთვის ღირსეულ ანაზღაურებასა და სამუშაო პირობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამედიცინო პერსონალისთვის შრომითი ანაზღაურების მინიმალური ზღვარი დაწესდა, რის შედეგადაც ხელფასის ზრდა 9 000-მდე ექიმსა და 8 000-ზე მეტ ექთანს შეეხო.
„უნდა აღინიშნოს, რომ რეფორმის შემდეგი ეტაპი პაციენტის მოვლაში მონაწილე სხვა სამედიცინო პერსონალის – ექთნის დამხმარისა და სანიტრის მინიმალური სახელფასო ანაზღაურების დაწესებაა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ათი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასკვნით ნაწილში პანელური დისკუსიები გაიმართა, სადაც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის განვითარების პერსპექტივები და სამომავლო გეგმები განიხილეს.