ზურაბ ალავიძე - გვინდა, თვითმმართველობის განვითარების ხედვა ფართო მსჯელობის საგანი გახდეს და სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ
დღეს ოფიციალურად გაცხადდა ხელისუფლების ხედვა ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების შესახებ და ვცდილობთ, ეს ყველაფერი სწორად, მსჯელობის შედეგად, ფართო კონსენსუსის საფუძველზე გავაკეთოთ, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ზუსტად რა როგორ მოხდება, ამას დღეს ვერ გეტყვით, რადგან ჩვენ ბოლოდან არ დავიწყეთ და ეს ყველაფერი გამზადებული არ მოვიტანეთ. გვინდა, საკითხი ფართო მსჯელობის საგანი გახდეს და სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ. ამაზე საუბარი დღეს დავიწყეთ და ვგეგმავთ, კონკრეტული შედეგები წლის ბოლოსთვის გვქონდეს“, – განაცხადა ალავიძემ.
მინისტრის თქმით, პროცესში ჩაერთვება მთავრობა, პარლამენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, დონორები და ყველა დაინტერესებული ადამიანი, ვისაც ამ მიმართულებით გარკვეული ცოდნა, გამოცდილება და პროცესში მონაწილეობის ნება გააჩნია.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მოხდება თუ არა განხილვის პროცესში მოსახლეობის ჩართვა და იქნება თუ არა გათვალისწინებული მათი აზრი, მინისტრმა თქვა, რომ გათვალისწინებული იქნება იმ ადამიანთა მოსაზრებები, რომლებსაც ამ მიმართულებით შესაბამისი ცოდნა გააჩნიათ და მსჯელობა შეუძლიათ, კონკრეტული გეგმები კი უახლოეს მომავალში გამოჩნდება.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რეალურად, როდის იგრძნობს მოსახლეობა ცვლილებებს და დადგება თუ არა მათთვის ხელშესახები შედეგი რვა წლის შემდეგ, ზურაბ ალავიძემ განაცხადა, რომ რეფორმა ეტაპობრივად განხორციელდება და რვა წლის შემდეგ ყველაფერი ერთბაშად არ იქნება.
„აქ მნიშვნელოვანია კანონმდებლობისა და მენეჯმენტის კუთხით მუნიციპალიტეტებში კომპეტენციებისა და ცოდნის ზრდა. ამ სერვისებს დაბლა ვერ გადავიტანთ, რადგან შესაძლოა, უკუშედეგები მივიღოთ. პირველ რიგში, ვსაუბრობთ კომპეტენციებზე. პირველი ოთხი წელიწადის განმავლობაში სავარაუდოდ დელეგირებებზე და ამ პროცესის დაკვირვებაზე ვსაუბრობთ და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ვსაუბრობთ პირდაპირ გადაცემაზე იმ მიმართულებებისა, რომლებიც კარგად იმუშავებს და გაამართლებს“, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.