საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, თბილისში კონფერენცია „ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის პლატფორმა“ გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, თბილისში კონფერენცია „ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის პლატფორმა“ გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, თბილისში კონფერენცია „ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის პლატფორმა“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პრეზიდენტის მრჩევლებმა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში იაგო წიკლაურმა, რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში ნინო ცქიტიშვილმა და შშმ პირებთან ურთიერთობის საკითხებში სიმონ პეტრიდისმა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პლატფორმის მიზანია, გააერთიანოს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ექსპერტები, რომელთაც აქვთ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღებისა და მოქალაქეების ჩართულობის გამოცდილება და ასევე, თვითმმართველ ერთეულებში საბიუჯეტო პროცესის განვითარების ხელშეწყობა.

კონფერენციაზე განიხილეს ქვეყანაში დეცენტრალიზაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის გამოწვევების საკითხები.

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, იაგო წიკლაურმა და აქცენტი გააკეთა მოქალაქეთა ჩართულობაზე და მმართველობის პარტნიორობაზე ადგილებზე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ საერთო ვალდებულებებზე და თვითმმართველობის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივებზე.

აღინიშნა, რომ ქვეყანაში უნდა განხორციელდეს ისეთი პროგრამები, რომლებიც დაეხმარება მოქალაქეებს, ადგილებზე გახდნენ პარტნიორი მმართველები.

კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩის მრჩეველი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, რომელთაც ხაზი გაუსვეს თვითმმართველობის განვითარებაში მოსახლეობის ჩართულობის პროგრამებისა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მათი განხორციელების მნიშვნელობას.

კონფერენცია „საქართველოში პოლონეთის სოლიდარობის ფონდისა“ და „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ ორგანიზებით ჩატარდა და მას ესწრებოდნენ: მუნიციპალიტეტების მერები, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს, პოლონეთის საელჩოს, მოლდოვისა და უკრაინის წარმომადგენლები და ექსპერტები.

დატოვე კომენტარი