ზაზა გაბუნია - დეცენტრალიზაციის რეფორმის დანერგვის საკითხში 100 წლის წინ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გახლდით
ზაზა გაბუნია - დეცენტრალიზაციის რეფორმის დანერგვის საკითხში 100 წლის წინ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გახლდით

პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით, წყალტუბოში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი IV ფორუმი – „რეგიონული ეკონომიკა – ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში“ გაიმართა.

ფორუმის მონაწილეებს კომიტეტის თავმჯდომარემ მოხსენებით მიმართა და რეგიონების და მუნიციპალიტეტების ეკონომიკური და ფინანსური გაძლიერების საკითხებზე ისაუბრა.

„ყველას კარგად გვესმის, რომ დეცენტრალიზაციის პოლიტიკა არის მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის, სამოქალაქო ინტეგრაციის, ქალაქების და რეგიონების საცხოვრებლად და სამუშაოდ მიმზიდველ ადგილებად ქცევისთვის უკვე კარგად აპრობირებული და წარმატებული პოლიტიკა, რეფორმა და მოდელი პარტნიორ ევროპულ სახელმწიფოებში. დეცენტრალიზაცია მიმდინარეობს სახელმწიფო ხელისუფლებიდან, რადგან სწორედ ცენტრის მხარდაჭერითაა შესაძლებელი, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიძინოს ის უფლებამოსილებები, რაც მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის, თუმცა, ამავდროულად ყველას გვესმის, რომ განვითარება შეუძლებელია ეკონომიკური გაძლიერების ახალი შესაძლებლობების გარეშე. თუ ქალაქებს არ ექნებათ შესაძლებლობა, განკარგონ ადგილობრივი ქონება და კაპიტალი და თუ მათ არ გადაეცათ საჭირო ფინანსები, არ იარსებებს თვითმმართველობის იდეაც. სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომლითაც სახელმწიფო ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება მუნიციპალიტეტები უზრუნველყოს მათი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონებრივი და ფინანსური შესაძლებლობებით. ეს კონსტიტუციური წინაპირობები როგორც პარლამენტს, ისე მთავრობას გვავალდებულებს გადავდგათ ნაბიჯები ამ მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისივე თქმით, საჭიროა მცირე და საშუალო ბიზნესის და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის შესაძლებლობების გაჩენა, რადგან სწორედ ამ ფუნქციის შესრულებით მუნიციპალიტეტი ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს მიაღწევს. კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, მუნიციპალიტეტების და ბიზნესის თანამშრომლობა შესაძლებელია, მაშინ როცა ადგილობრივი ხელისუფლება განკარგავს ადგილობრივ ქონებას და კაპიტალს, სწორედ ამიტომ და ამისთვის საჭიროა არამხოლოდ უფლებამოსილებათა, არამედ ქონების დეცენტრალიზაციაც.

„იმედი მაქვს, თანმიმდევრულად მივაღწევთ ევროპულ სტანდარტებს, რადგან ფინანსურად ძლიერი და ქონების მესაკუთრე მუნიციპალიტეტები იქნება ეკონომიკური განვითარების პროცესში ცენტრალური ხელისუფლების და ბიზნესის მთავარი დასაყრდენი. ჩემთვის დეცენტრალიზაციის რეფორმა გახლავთ ცივილიზაციური საკითხი, რადგან 100 წლის წინ ამ რეფორმის და პოლიტიკის დანერგვის საკითხში ევროპასა და მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გახლდით. 100 წლის წინ თვითმმართველობის კომპეტენცია იყო ადგილობრივი გადასახადის დაწესება-აკრეფა; ადგილობრივი უძრავი ქონების და კაპიტალის მართვა; მიწის გადასახადის 30% თვითმმართველობებს რჩებოდათ და სხვა. ეს იყო დეცენტრალიზებული სახელმწიფოს მოდელი და ხალხთან ახლოს მყოფი მმართველობა“, – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი