ზურაბ აბაშიძე - პრაღაში მუსიკასა და პოეზიაზე სასაუბროდ არ მივდივართ, ეს ფორმატი შექმნილია, რათა დავიცვათ ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ინტერესები
პრაღაში მუსიკასა და პოეზიაზე, სასიამოვნო, სალონური საუბრისთვის არ მივდივართ, ეს ფორმატი შექმნილია, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ინტერესები“, – ასე ეხმაურება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან ჩანიშნულ შეხვედრას.
31 იანვარს პრაღის მორიგ მოლაპარაკებებზე ზურაბ აბაშიძე რამდენიმე საკითხის დაყენებას გეგმავს, მათ შორის არის საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმება, რომელიც საბაჟო
კორიდორების ნეიტრალური მონიტორების მიერ გაკონტროლებას გულისხმობს და რომელზეც ხელი რუსეთს ჯერ არ მოუწერია.
ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ კარასინის საგაზეთო ინტერვიუში ამ შეთანხმების განსხვავებული გააზრება იკითხება, სწორედ ამიტომ ქართული მხარე შეხვედრაზე პოზიციების დაზუსტებას შეეცდება.
„შევაჯამებთ, რა იყო გასულ წელს, იწყება ახალი წელი და პერსპექტივაში შევეცდებით გავაანალიზოთ, რა შეიძლება გაკეთდეს, რას შეიძლება შევუწყოთ ხელი ამ თვალსაზრისით და რა პრობლემების მოგვარება შეგვიძლია ჩვენ იმ არაფორმალური დიალოგის ფარგლებში.
გარდა ამისა, არის ერთი კონკრეტული საკითხი. მოგეხსენებათ 2011 წლის საბაჟო მონიტორინგისა და ადმინისტრირების თაობაზე შეთანხმების შესაბამისად, ქართულმა მხარემ გასული წლის დეკემბერში შვეიცარიულ კომპანიასთან გააფორმა კონტრაქტი, ახლა რუსეთის ჯერია, რუსეთმაც უნდა გააფორმოს ანალოგიური კონტრაქტი შვეიცარულ კომპანიასთან, ამის შემდეგ უნდა დაიწყოს ამ პროექტის იმპლემენტაცია. სამწუხაროდ, ბატონი კარასინის ინტერვიუში ამოვიკითხეთ ამ შეთანხმების ისეთი ინტერპრეტაცია, როგორიც პრინციპულად ეწინააღმდეგება 2011 წლის შეთანხმების დებულებებსა და არსს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ პროექტის განხორციელებას, ასე რომ ჩვენ ამ თემაზე გვექნება საუბარი და შევეცდებით, დავაზუსტოთ პოზიციები“, – აღნიშნა “მოამბესთან” ზურაბ აბაშიძემ.
მისი თქმით, რუსეთის მიდგომები ნათლად მიუთითებს, რომ ახლო პერსპექტივაში სერიოზულ და დადებით ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. დიპლომატი მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლის თავზე უმჯობესია, სახელწიფოთაშორისი ურთიერთობების ჩიხიდან გამოსვლის გზებზე ორივე მხარემ თანაბრად იფიქროს.
მისი თქმით, საჭიროა ჟენევის მოლაპარაკებების გააქტიურებაც, რაში ჩართვის სურვილიც პრემიერ-მინისტრმაც გამოთქვა.