ზუგდიდში „ლელოს“ წევრების ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტზე ადმინისტრაციული მოკვლევა დაიწყო
გუშინ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლების ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ადმინისტრაციული მოკვლევა დაიწყო.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დაწყებულია მომხდარი ფაქტის შესწავლა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (ხულიგნობა).
ზუგდიდში „ლელოს“ წევრების ამომრჩეველთან შეხვედრისას გუშინ პარტიის წევრებს რამდენიმე მოქალაქე დაუპირისპირდა. ისინი პარტიის ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, მერაბ კოსტავას შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ. „ლელოს“ მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ ზუგდიდში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს პროვოკაცია „ქართული ოცნების“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების მიერ იყო დაგეგმილი.