ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაჭრილ ალიკა ლაგვილავასა და ბეჟან გვაზავას შორის დავა წლებია გრძელდება, რაც მიწის ნაკვეთს უკავშირდება. თვითმხილველების ინფორმაციით, სწორედ ბეჟან გვაზავამ ესროლა ალიკა ლაგვილავას.
გვაზავა გრიგოლიშის „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელია, ხოლო ალიკა ლაგვილავა ამავე შტაბის კოორდინატორი.
„ქართული ოცნების“ შტაბში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ. მისი თქმით, კონფლიქტი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა.
რაც შეეხება დაჭრილის მდგომარეობას, მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები მის დასაკავებლად.