ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას თქმით, 9 აპრილი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ხმამაღალი განაცხადი თავისუფლებისთვის, რომლის მონაპოვარია დღეს ქვეყნის თანამედროვე დამოუკიდებლობა.

„ეს იყო იდეის გარშემო გაერთიანებული საქართველო, რომელიც შეეწინააღმდეგა რეპრესიულ რეჟიმს, რომელმაც სასტიკად დაარბია, დასაჯა ქართველი ხალხი და გვქონდა მსხვერპლი. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირებს და ვთქვა, რომ მომავალ თაობებს ისინი მუდამ ემახსოვრებათ და პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას. მადლობა თავისუფლებისთვის“, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

ამასთან, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარმა მამა მალხაზ ჭანტურიამ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.