ზუგდიდში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლების აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის წინ გრძელდება
ზუგდიდში, საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლების საპროტესტო აქციამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობის წინ გადაინაცვლა. აქცია დილით „რუხი მოლთან“ დაიწყო.
„რუხი მოლთან“ რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები მოითხოვენ, არალიცენზირებული, კერძო ავტოსადგურები გაუქმდეს და მუშაობის საშუალება იმ მძღოლებს მიეცეთ, რომლებსაც მათი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტში თანხები შეაქვს.
მძღოლების განცხადებით, თუ ხელისუფლება პრობლემას არ მოაგვარებს, აქცია მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და მას მონაწილეები სხვა რაიონებიდანაც შეუერთდებიან.
მძღოლებმა აქცია გუშინაც გამართეს. მათი თქმით, მუშაობის საშუალება არ აქვთ, რადგანაც ზუგდიდში ძალიან ბევრი კერძო ავტოსადგური გაიხსნა.
არსებული ინფორმაციით, კერძო სადგურისა და ავტოსადგურის მძღოლებს შორის გუშინ ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 126-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.