ზუგდიდში საქალაქთაშორისო ავტოტრანსპორტის ოთხი მძღოლი დააკავეს
ზუგდიდში საქალაქთაშორისო ავტოტრანსპორტის ოთხი მძღოლი დააკავეს

ზუგდიდში რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსის ოთხი მძღოლი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) და 150-ე (იძულება) მუხლებით მიმდინარეობს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ზუგდიდიდან იტყობინება, მძღოლები ზუგდიდის პოლიციის რაიონულ სამმართველოში დაკითხვის შემდეგ, გამთენიისას დააკავეს.

საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ოთხი მძღოლი ზუგდიდის პოლიციის რაიონულ სამმართველოში დაკითხვაზე გუშინ, გვიან ღამით გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მათი დაკავება 4 მაისს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებსა და კერძო ავტოსადგურის მძღოლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.