ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ ბაკურ სორდიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.
პროკურორ ანა არონიას თქმით, გამოძიების საწყის ეტაპზე ბრალდებული თავს დამნაშავედ გრძნობდა, თუმცა დღეს განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა.
თავად ბრალდებული ბაკურ სორდია გირაოს ითხოვდა 1000 ლარის ოდენობით.
როგორც ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ის მეუღლეზე სისტემატურად არ ძალადობდა. მისივე თქმით, ბავშვებმა დედა დაკარგეს და მამის ციხეში ყოფნა არ შეიძლება, რადგან ისინი სტრესულ მდგომარეობაში არიან.
ცნობისთვის, ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ბ. ს. 29 დეკემბერს დააკავეს.
გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.