31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მას დღეს 79 წელი შეუსრულდებოდა.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეცნიერ-ფილოლოგის, მწერლის, მთარგმნელის ბიუსტები, ზუგდიდში, დარჩელსა და ჯიხაშკარში გვირგვინებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
დღესვე სიმბოლურად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა.
1991 წლის 31 მარტს საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ჩატარდა რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე. რეფერენდუმში მონაწილეობდა ამომრჩეველთა 90,3 %, რომელთაგან 98,9 %-მა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.