ფეხბურთის ფედერაცია ზუგდიდსა და ფოთში საფეხბურთო ინფრასტრუქტურას აშენებს
ფეხბურთის ფედერაცია ზუგდიდსა და ფოთში საფეხბურთო ინფრასტრუქტურას აშენებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები სამეგრელოში მიმდინარე საფეხბურთო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

ვიზიტის ფარგლებში სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიცეპრეზიდენტებთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა დაათვალიერა. სფფ-ის წარმომადგენლებთან ერთად მშენებლობის პროცესი სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მოინახულეს.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, სფფ-ის ფეხბურთის აკადემიის საფუძვლის ჩაყრის ოფიციალური ცერემონია 2019 წლის მაისში გაიმართა. პროექტის მიხედვით, ადგილზე ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა. ასევე დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა, აშენდება გასახდელები, ტრიბუნები და ფეხბურთელთა საცხოვრებელი კომპლექსი.

მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურით სარგებლობას სფფ-ის აკადემიის გუნდებთან ერთად სხვა საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდებიც შეძლებენ.

დატოვე კომენტარი