ზუგდიდის ინფექციურში სამი პირი შეიყვანეს, რომლებსაც ინფიცირებულ სპორტსმენთან ჰქონდათ კონტაქტი
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით სამი ადამიანი შეიყვანეს. როგორც ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, სამივე პირი ანაკლიის საკარანტინო სივრციდან შეიყვანეს. ისინი ინფიცირებული სპორტსმენის კონტაქტები არიან.
პაციენტებს აღენიშნებათ ცხელება და ხველა. სამივე არის საშუალო ასაკის მამაკაცი.
როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტების ბიოლოგიური მასალა კვლევებისთვის დღესვე გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში.
ამ დროისთვის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატებში ხუთი პაციენტია, მათგან ორს დადასტურებული აქვს კორონავირუსი.
როგორც ცნობილია, კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პირი სპორტსმენია, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა. რეგიონში მისი კონტაქტების ნაწილი მოძიებულია.