ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ კლინიკაში აცხადებენ.
ამასთან, როგორც საავადმყოფოში განაცხადეს, პაციენტს აღენიშნება ცხელება და ხველა, ასევე არის სუნთქვის უკმარისობის პრობლემაც.
ექიმ-ინფექციონისტის, ლალი დარახველიძის განმარტებით, ინფიცირებულს უტარდება შესაბამისი კვლევები, რომელიც დღის ბოლომდე დასრულდება.
რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ მეორე პაციენტს, მისი მდგომარეობაც სტაბილურია და მიმდინარეობს მკურნალობა.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი შემთხვევები და პაციენტთა მიმართვიანობა გუშინდელი დღის შემდეგ არ დაფიქსირებულა. საავადმყოფოში ამ დროის მონაცემებით, მხოლოდ ორი პაციენტი რჩება. ორივე ახალი კორონავირუსით არის ინფიცირებული.
ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში ორი დღის წინ გადაყვანილ ქალს ახალი კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ოკუპირებულ აფხაზეთში მოსკოვიდან ჩავიდა, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ნათესავმა საოკუპაციო ხაზთან ნათესავმა მიიყვანა, იქიდან კი, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.