იბრაჰიმოვიჩი მზადაა, შვედეთის ნაკრებში დაბრუნდეს და საქართველოს წინააღმდეგ ითამაშოს #1TVSPORT
ზლატან იბრაჰიმოვიჩი მზადაა, შვედეთის ნაკრებში დაბრუნდეს და საქართველოს წინააღმდეგ ითამაშოს. 39 წლის ვარსკვლავის დაბრუნებაზე შვედური მედია იტყობინება.
იანე ანდერსონის ხელმძღვანელობით შვედეთის ნაკრები 25 მარტს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს საქართველოსთან სტოკჰოლმში დანიშნული მატჩით იწყებს. ჩვენდა ბედად, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ნაკრებში დაბრუნებას სწორედ ამ დროს გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ზლატანის დაბრუნების საკითხი თვეების განმავლობაში განიხილებოდა, მაგრამ შვედეთის ფეხბურთის ფედერაცია ინფორმაციას არ ადასტურებდა.
„ეჭვგარეშეა, რომ მილანელი ვარსკვლავი ბრუნდება ნაკრებში და მზადაა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები ითამაშოს”, – ნათქვამია ინტერნეტ-პორტალ Footbolldirekt-ის წერილში.
ზლატანმა შვედეთის ნაკრებში 116 შეხვედრა ჩაატარა და 62 გოლი გაიტანა. მას შვედეთის ეროვნული გუნდის ფორმა აღარ მოურგია ევრო 2016-ს შემდეგ, სადაც კაპიტანი იყო, მაგრამ ვერ შეძლო გოლის გატანა და შვედეთი ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა. იბრაჰიმოვიჩი ნაკრების გულშემატკივრებს დაემშვიდობა მას შემდეგ, რაც გუნდმა ნიცაში ბელგიასთან წააგო 2016 წელს და ევროპის ჩემპიონატიდან გამოვარდა.
2018 წლის მსოფლიო თასზე თამაშისადმი ინტერესი გამოავლინა, მაგრამ ანდერსონმა გადაწყვიტა ვარსკვლავი არ დაებრუნებინა, შვედეთი კი მეოთხედფინალში გავიდა. მან გასულ შემოდგომაზეც თქვა, რომ მოენატრა ნაკრების მაისური. შვედეთის ფედერაციის ვებ-გვერდი კი წერდა, რომ ამის შემდეგ ფეხბურთელმა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, იანე ანდერსონთან „კარგი და ნაყოფიერი“ შეხვედრა გამართა.
„ზლატანთან დიალოგი გრძელდება”, – განაცხადა შვედეთის ფედერაციის სპიკერმა იაკობ ანდერსონმა და დასძინა, რომ მსოფლიო თასის შესარჩევში საქართველოს, კოსოვოსა და ესტონეთის წინააღმდეგ მატჩისთვის შერჩეული მოთამაშეების სია 16 მარტს გამოცხადდება. მიმდინარე სეზონში იბრაჰიმოვიჩმა სერია A- ში „მილანის“ ფორმით 14 მატჩში 14 გოლი გაიტანა.